მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე ეროვნული ვალუტის მხრივ არსებულ „დროებით დაძაბულობას“, ნაწილობრივ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს

5f61cffa74385
ინგა მურუსიძე
16.09.20 13:23
715
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის მხრივ არსებულ „დროებით დაძაბულობას“, ნაწილობრივ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

„რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ლარზე, ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში როგორც წესი არის სავალუტო დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოყვება ინფლაციასთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცენდენტო შოკის ფონზე ჩვენ აქტიურები ვართ ბაზარზე, ასე იქნება მიმდინარე წელს და მომავალი წლის დასაწყისში. ის მიდგომები, რომელიც სებ-ს აქვს, პანდემიიდან გამომდინარეა, სხვა შემთხვევაში პოლიტიკა გაგრძელდებოდა ისევ ისე, როგორც იყო ადრე. როგორც კი პანდემია დამთავრდება და ეკონომიკა გაჯანსაღებულ სისტემაზე გადავა, სებ-ი კვლავ გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რაც არის მოქნილი გაცვლითი კურსი“, - განაცხადა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტი ასევე მსოფლიო ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მსოფლიო კრიზისი საქართველოში ძირითადად ტურიზმის ხაზით აისახა.

„პანდემიის უარყოფითი მიზეზების გასანეიტრალებლად ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის დაწყებიდან ძალიან მალე ჩაატარა მოლაპარაკებები და მოიზიდა საკამაოდ დიდი დახმარება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ასევე დონორებისგან. ეს თანხები გამოიყენება იმისათვის, რომ მხარი დაეჭიროს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს და მოსახლეობის სოციალური დახმარებები იყოს გაცემული.

ამ დახმარების მოზიდვა უცხოურ ვალუტაში ხდება, ხოლო ხარჯვა ეროვნულ ვალუტაში. მოზიდული სახსრები მიემართება და ზრდის ეროვნული ბანკის რეზერვებს, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად მიეწოდება სავალუტო ბაზარს შემცირებული ტურისტული შემოსავლების შედეგად სავალუტო ბაზრებზე არსებული წნეხის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად. სავალუტო ბაზარს ეროვნულმა ბანკმა უკვე მიაწოდა 380 მლნ დოლარი. ჩვენ ამ უპრეცედენტო წელს ბაზარს მივაწვდით საჭიროების შემთხვევაში რესურსებს. დღესაც გამოიტანს სებ-ი 40 მლნ დოლარს. ყოველდღიურ ვაჭრობაში ეროვნული ბანკი მიაწვდის ვალუტას ბაზარს. ეს ხდებოდა ადრე და ასე ხდება ბოლო რამდენიმე დღეა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ინფორმაციისთვის, 15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებით ღირებულების 2% დაკარგა.