მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვეყოლება საგანგებო დავალებათა ეკონომიკური დესპანები - ჩვენ შეგნებულად ავწიეთ დონე"

5c1b6403f113d
თელარა გელანტია
20.12.18 13:40
1244
„გვეყოლება საგანგებო დავალებათა ეკონომიკური დესპანები - ჩვენ შეგნებულად ავწიეთ დონე“

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს კომერციული ატაშეების თემის კომენტირებისას განუცხადა, რადგან როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მთავრობა კომერციული ატაშის ინსტიტუტს სახელს და შინაარსს უცვლის და მათ ეკონომიკური დესპანები ერქმევათ.

მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ეკონომიკური დესპანი თავისი რანგით კომერციულ ატაშეზე უფრო მაღლა დგას.

"წლევანდელი ელჩების კონფერენციის ფარგლებში განვიხილავთ იმ საკითხს, რომ გვექნება ახალი ფორმატი. ეს არ იქნება კომერციული ატაშეები - გვეყოლება საგანგებო დავალებათა ეკონომიკური დესპანები. ჩვენ შეგნებულად ავწიეთ დონე, რადგან პარტნიორ ქვეყნებსა და დიდ ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია, წარმომადგენლების სტატუსი. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები შევარჩიოთ. მათი მთავარი მოვალეობა იქნება ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოს ცნობადობის ამაღლება. კვალიფიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ვიზრუნებთ, რომ მათი კვალიფიკაცია იყოს მაღალი. გადაფარვის არეალთან მიმართებაში გვექნება რეგიონული მიდგომა", - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, კომერციული ატაშეების კონკურსი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მიმდინარე წლის 6 მარტს გამოაცხადა. აპლიკანტებისგან განაცხადების მიღება კი, აპრილში დასრულდა.

მთავრობას კომერციული ატაშეების დანიშვნა 6 ქვეყანაში სურდა - ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, თუმცა, ქვეყანას, ინვესტიციების მოზიდვის მოვალეობის შემსრულებლები, არცერთ აქ ჩამოთვლილ ქვეყანაში, ამ დრომდე არ ჰყავს.