მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰესების მშენებლობის შეფერხების მიზნით, ფაქტებით მანიპულაციის შემთხვევები გახშირდა - GREDA ლოპოტაჰესზე

63973593bfa67
მარიამ ვარადაშვილი
12.12.22 19:02
731

განახლებადი ენერგიების ასოციაცია [GREDA] კახეთში მშენებარე ჰესის პროექტს ეხმაურება, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანია “დეკას” შვილობილი კომპანია აშენებს. ასოციაციის განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად კომპანიამ ყველა საჭირო კვლევა ჩაატარა და სანებართვო პროცესი სრულად გაიარა, რის შედეგადაც  2018 წელს სამშენებლო ნებართვა მოიპოვა. პროექტით სოფელ ლაფანტურში 5.9 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარს შეადგენს. 

“ბოლო წლებში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეფერხების/შეჩერების მიზნით ფაქტებით მანიპულირებისა და ცილისწამების შემთხვევები სამწუხაროდ, ძალიან მომრავლდა.

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია უკვე ორი წელია, აკვირდება ლოპოტა ჰესის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესსა და გამოთქმული პრეტენზიების რელევანტურობის საკითხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადოთ, რომ GREDA სრულად უჭერს მხარს ლოპოტაჰესის მშენებელ კომპანიას მის საქმიანობასა და უფლებების დაცვაში. 

კომპანია "დეკა" მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე ნებისმიერ მსურველს ესაუბროს და კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს.  

გვსურს ასევე, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობის სისტემატურმა შეფერხებამ შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და შეანელოს ენერგეტიკის განვითარება, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ამჟამინდელ რთულ ხანაში.

სამწუხაროდ, სადღეისოდ საქართველო მზარდი ენერგოდეფიციტის პრობლემის წინაშეა და ამ ფონზე საკუთარი ენერგეტიკული რესურსების არგამოყენებამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 2021 წელს ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 17% იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოსადგურებით დაკმაყოფილდა, ხოლო 15% - მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით. აღნიშნულ პირობებში, მით უფრო მიმდინარე გეოპოლიტუკური მოვლენებისა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად დაუშვებელია საკუთარი განახლებადი, მწვანე ენერგიის რესურსის ათვისებაზე უარის თქმა”, - წერია ასოციაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. 9 დეკემბერს ისინი მშენებელ კომპანიას ადგილზე ტექნიკის მიყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები