მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჰილტონ ბათუმი”: ის პოზიტიური ტენდენციები, რაც აპრილში და მაისში შევნიშნეთ, შესაძლოა ნეგატიურად გარდაიქმნას

60928549c7914
ლიკა გურაბანიძე
05.05.21 21:28
1070

“გაყიდვებში ძალიან დიდი კლება გვაქვს, 2018-2019 წლის მაჩვენებლებს ვერც კი შევადარებთ.” - ასე აფასებს bm.ge-სთან საუბრისას “ჰილტონ ბათუმის” კომერციული დირექტორი ლევან ასამბაძე სასტუმროში არსებულ დღევანდელ ვითარებას.

როგორც ასამბაძე ამბობს, დღეს გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბარი რთულია, რადგან პანდემიური მდგომარეობის გამო, ბაზარზე ვითარება სწრაფად იცვლება.

“სიტუაცია გვიჩვენებს, რომ ერთ დღეში ის პოზიტიური ტენდენციები, რაც აპრილში და მაისში შევნიშნეთ შესაძლოა ნეგატიურად გარდაიქმნას. ყველაფერი ქვეყანაში პანდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები პანდემიასთან დაკავშირებით როგორ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად აპრილში ისრაელის ბაზარი ძალიან კარგად მუშაობდა და ასეთი ზრდა ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. მაისში ისრაელიდან ტრაფიკის მაჩვენებელმა კლება დაიწყო, რადგან იქაც ვრცელდება მესიჯები, რომ მოქალაქეებმა საშიშროების გამო ქვეყანა არ დატოვონ.” - განმარტა ასამბაძემ.

“ჰილტონ ბათუმის” კომერციული დირექტორის თქმითვე, პირდაპირი რეისების დანიშვნის გარეშე ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი აღდგენას ვერ დაიწყებს. ასამბაძის თქმით, 2021 წელს შემომსვლელი და ადგილობრივი ტურისტების ერთგვარი სინთეზი იქნება.

რაც შეეხება ვაქცინაციას და მის აუცილებლობას, სასტუმროს კომერციული დირექტორი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტად ყოფნა მისასალმებელია.

“ვაქცინაცია ბიზნეს სექტორს და საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკას წაადგება. სასტუმროებს და კვების ობიექტებს ვაქცინაცია საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებლებს უწყვეტი მომსახურება გაუწიონ.” - აღნიშნა ასამბაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რათა ამ ინდუსტრიის აღდგენა დროულად მოხდეს.