მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იძულებული ვართ გამოვიყენოთ დაბალი ხარისხის ჩინური, ინდური იმპლანტი... - რა ხარვეზები ახლავს DRG-ს?

63ce87275a062
ელენე გოგბერაშვილი
23.01.23 23:35
1440
ექიმების ნაწილი ოპერაციების გაკეთებისგან თავს იკავებს. მიზეზი სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის დაფინანსების ახალ, DRG-ის მოდელზე გადასვლით გამოწვეული პრობლემებია. როგორც ირკვევა, ტარიფები განსაკუთრებით ტრამვატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით შემცირდა, რაც ევროპული ხარისხის იმპლანტის თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. შედეგად ექიმების ნაწილი დაბალი ხარისხის მასალის გამოყენებაზე და ოპერაციების ჩატარებაზე უარს ამბობს. საუნივერსიტეტო კლინიკის ორთოპედია-ტრამვატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ჩიკვატია იყო პირველი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პრობლემის შესახებ ღიად ისაუბრა.

„DRG-ის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე... ოპერაციებს აღარ და ვეღარ გავაკეთებ“, - უთხრა ექიმმა BMG-ს.

ჩიკვატიას ამ განცხადების შემდეგ, გაიზარდა იმ ექიმების რიცხვი, ვინც დაფინანსების DRG-ის მოდელზე გადასვლის შემდეგ გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს. ბავშვთა ორთოპედ-ტრამვატოლოგი მიხეილ ჯანჯღავა ერთ-ერთია, რომელიც იმის გამო ვერ აკეთებს ოპერაციებს, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილი ტარიფი ხარისხიანი იმპლანტის გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა.

„ერთ-ერთი ოპერაციული ჩარევა, რომელსაც ბავშვთა ორთოპედიაში ვაწარმოებთ, ეს არის ბარძაყის საკორექციო ძვალკვეთები, რომლის საფიქსაციოდ გამოიყენება იმპლანტები, ფირფიტები. მისი ღირებულება ევროპაში 700-800 ევროა. ქართულ რეალობაში ოპერაციული ღირებულება სულ 3 200 ლარია. თუ კი იმ ხარისხის იმპლანტს გამოვიყენებთ, რაც მსოფლიოშია აპრობირებული, ეს დაახლოებით 1800-1900 ლარია, ოპერაციის ღირებულების პრაქტიკულად 70-80% მხოლოდ იმპლანტის თანხაა. ეს ძალიან ცუდია. ის, რასაც ვიყენებთ, იძულებული ვართ გამოვიყენოთ. ესაა ჩინური, ინდური იმპლანტი, რომლის ხარისხი, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ცუდია, მაგრამ დაბალი ხარისხისაა. არის უფრო იაფიანიც, რომლის გამოყენების კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ. ვერ ვიყენებთ, რადგან მისი გამოყენება არის ძალიან საშიში. ეს არის სამომავლოდ გარკვეული გართულებების მომტანი.

-ახლა გაქვთ ოპერაციები დაგეგმილი და ამ მიზეზით ვერ აკეთებთ?

- დიახ! ვერ ვაკეთებთ იმის გამო, რომ ვიცით, რომ ის ღირებულება, რომელსაც სახელმწიფო დაადებს, იმპლანტებსაც ვერ გადაფარავს“,-აცხადებს მიხეილ ჯანჯღავა.

ექიმები ამბობენ, რომ არსებული ტარიფის პირობებში უწევთ შედარებით დაბალი ხარისხის იმპლანტების გამოყენება, რაც საკმაოდ მრავლადაა ქართულ ბაზარზე. ის ვინც, ამ ყველაფერს ხელს არ აწერს, სადაც შესაძლებელია, ოპერაციები დროებით გაჩერდა, რადგან საკმაო ხანია შენიშვნები ექიმებმა უკვე გაუზიარეს სამინისტროს და ახლა ელიან, რა პასუხი ექნება ჯანდაცვის უწყებას, მათ მიერ წარდგენილ არგუმენტებზე.

„მაგალითად, მუხლის სხვადასხვა მოტეხილობის შემთხვევაში, ზოგჯერ იმპლანტები აუცილებელია, ეს საშუალებები იმპორტირებული და სხვადასხვა ხარისხისაა. ნოემბრამდე მაქსიმალურად ყველა ცდილობდა, გამოეყენებინა ხარისხიანი საშუალებები, რომელთაც ევროპულ ქვეყნებში შესაბამისი აღიარება აქვს. ახლა პროტეზირებაზე არის გამოყოფილი 4 500 ლარი, როცა ხარისხიანი პროტეზის ღირებულება 5 000-7 000 ლარია. ფიზიკურად, ხარისხიანი იმპლანტის გაკეთება უკვე შეუძლებელია. ბევრნაირი პროდუქტია შემოსული, თუმცა უმრავლესობა გაურკვეველი წარმომავლობისაა, ყველას საბუთები წესრიგში აქვს, მაგრამ ხარისხი არის ნულს ქვევით“,-აცხადებს ექიმი ტრამვატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი.

DRG-ის მოდელი თავისი არსით მოქალაქის მხრიდან ჯიბიდან გადახდებს არ ითვალისწინებს, თუმცა ექიმების ნაწილი არ გამორიცხავს, არსებული ტარიფების პირობებში მოქალაქეებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან მოუწიოს.

„სამწუხაროდ ის ბაზისური ფასი, რასაც გვთავაზობს სამინისტრო, ხარჯს არ ფარავს, ამიტომ პაციენტი იძულებულია ჩაეხსნას ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და სრულად თვითონ დაფაროს მომსახურების ღირებულება. ჩვენ არ მივესალმებით ამ მიდგომას, მაგრამ ის იმპლანტები, რომელიც გვჭირდება, ოპერაციის ფასს აღემატება და ალბათ რაღაც პერიოდის შემდეგ პაციენტი იძულებული იქნება სრულად თვითონ გადაიხადოს მომსახურების საფასური. ეს ტენდენცია მკაფიოდ არ არის გამოხატული, თუმცა როცა რესურსი ამოიწურება, ამის საჭიროება დადგება“,-აცხადებს მიხეილ ჯანჯღავა.

DRG გასული წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სატესტო რეჟიმში მოქმედებდა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კი სრულყოფილად შევიდა ძალაში. სამინისტრო ექიმებისგან უკვე ფლობს ინფორმაციას დაფინანსების ახალი სისტემის ხარვეზების შესახებ,თუმცა გადაიხედება თუ არა ტარიფები იქ, სადაც პრობლემურია, ამაზე პასუხი სამინისტროსგან ჯერ ექიმებს არ მიუღია. ჯანდაცვის უწყება სამწუხაროდ, არც ბიზნესმედიას კითხვებს პასუხობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები