მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი Twitter-ის შეძენას კვირის ბოლომდე გეგმავს - მან ბანკებისგან სესხი მოითხოვა

6358d647bcc28
გიორგი თოლორდავა
26.10.22 10:43
2184

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე, ილონ მასკი კომპანია Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენას პარასკევისთვის გეგმავს.

მართალია, Forbes-ის მიერ მასკის ქონება 220 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მასაც კი არ აქვს, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.

13 მილიარდ დოლარი - ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელსაც მასკი ბანკებისგან ვალის სახით აიღებს, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი - Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.

ვალის მოცულობა საფინანსო ორგანიზაციების მიხედვით ასე ნაწილდება:

Morgan Stanley - $3.5 მლრდ
Bank of America - $2.7 მლრდ
Barclays - $2.7 მლრდ
MUFG - 2.7 მლრდ
BNP Paribas - $650 მლნ
Mizuho - $475 მლნ
Societe Generale - $275 მლნ


დარჩენილი თანხის შესაგროვებლად მასკმა კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, საერთო ჯამში, მიმდინარე წელს მასკმა საფონდო ბირჟაზე 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.


აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თანხის მოზიდვაში ილონს მასკს მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-იც ეხმარება. კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟა მასკის გეგმას 500 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

ვრცლად მასკის გეგმების შესახებ წაიკითხეთ აქ: რეალურად რატომ ყიდულობს ილონ მასკი Twitter-ს და რა ამბიციური გეგმები აქვს მას?


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.