მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმ ქვეყნის ეკონომიკას, სადაც მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 10%-ია, პრობლემები აქვს - დანელია

6058c2c4d14cb
სალომე მეცხვარიშვილი
24.03.21 09:00
2407
სოფლის მეურნეობის ექსმინისტრი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ოთარ დანელია ამბობს, რომ წლების შემდეგ საქართველოში ფერმერებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა კვლავ ფინანსებთან ხელმისაწვდომობაა. ამის შესახებ მან bm.ge-ისთან ისაუბრა.

“ბანკები ცივი გონებით აფასებენ ამ პროექტებს და მათი ჩართულობა მინიმალურია, თუ ეს არ ეხება კაკლოვანი და მარცვლოვანი კულტურების გაშენებას”, - ამბობს ოთარ დანელია.

მისი თქმით, იმისთვის, რომ სფერო განვითარდეს,  პირველ რიგში, სწორედ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა აუცილებელი. 

“უმარავი პროექტი მუშაობს სოფლის მეურნეობაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო, რადგან 5 და 10 წელი სექტორის გამოსწორებას არ ჰყოფნის. მაგალითად, სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავალი” ჩაეშვა რამდენიმე წლის წინ და მისი შედეგები წამოვიდა წელს. იგივე იყო "აგროდაზღვევის პროგრამის" შემთხვევაში - ეს მიმართულებაც ვითარდება”, - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

ოთარ დანელიას თქმითვე, ყველა ქვეყანაში სოფლის მეურნეობა გარკვეულწილად სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ და გამონაკლისები არ არსებობს, თუმცა ყოფილი მინისტრი იმასაც ამბობს, რომ ამ დარგში ჩადებული თანხებიდან პირდაპირპროპორციულ უკუგებას არ უნდა ველოდოთ.

“თუ ვინმე სოფლის მეურნეობას განიხილავს, როგორც ეკონომიკის ლოკომოტივს, ეს მცდარი შეხედულებაა. სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგი ძალიან ცოტა ქვეყანაში შეიძლება იყოს. მეტსაც გეტყვით, სოფლის მეურნეობით ცნობილი ქვეყნებშიც კი აგრარული სექტორის კონტრიბუცია მშპ-ში 1.5%-დან მაქსიმუმ 3%-მდეა. იქ, სადაც სოფლის მეურნეობას მშპ-ის ან ექსპორტის 10% უჭირავს, იმ ქვეყნის ეკონომიკას აქვს პრობლემები”, - აცხადებს ოთარ დანელია.

ცნობისთვის: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში სოფლის მეურნეობის წილი 8.4%-ია.