მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთში PCR ტესტის გაყალბება-გასაღების ფაქტები გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახური

61161aa892fb3
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 11:10
4090
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამასთან, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.