მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის ახალი შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება

5f61b29371ebf
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.20 10:38
1021
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, ფონდმა განაახლა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის 2020 წლისთვის მინუს 5% იქნება. წინა პროგნოზით, რომელიც აპრილში მომზადდა, საქართველოში რეცესია მინუს 4%-ზე იყო ნავარაუდევი; სწორედ 4%-იანი ეკონომიკური ვარდნა განისაზღვრა განახლებული ბიუჯეტითაც. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში ჯამურად, ზრდა მინუს 5.8% იყო. 

"მოსალოდნელია, რომ წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, რაც არის ჩვენ მიერ მისიის მიმდინარეობის მეექვსე მიმიხილვის დროს გაკეთებული პროგნოზი. განახლებული შეფასება ასახავს ეკონომიკური აქტივობის უფრო მძიმე შენელებას, რომელსაც ადგილი 2020 წლის მეორე კვარტალში ჰქონდა. პანდემიის თანმდევი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკაზე მოქმედი დაღმავალი ფაქტორები დომინირებენ. ამ რისკების რეალიზების ალბათობა, მათ შორის საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში უფრო მკვეთრად გამოხატული შენელება და ტურიზმის აღდგენის დაბალი ტემპი სავარაუდოდ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პოლიტიკის გატარებას და მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას",- ამბობს მისიის ხელმძღვანელი. 

ამასთან, მერსედეს-ვერა მარტინი ამბობს, რომ ივნისიდან ქვეყანაში ვითარების შედარებითი გაუმჯობესება დაიწყო, რაზეც კერძო სექტორის დაკრედიტების მაღალი ტემპიც მეტყველებს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ვირტუალური შეხვედრები 8-14 სექტემბრის პერიოდში გამართა. მერსედეს ვერა-მარტინის შეფასებით, არსებულ ვითარებაში ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

"ეკონომიკური შოკის დასაწყისშივე, სებ-მა შეამსუბუქა კაპიტალის და საზედამხედველო მოთხოვნები, ბაზარს მიაწოდა ლარისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა და წინასწარ სთხოვა ბანკებს დამატებითი ბუფერების შექმნა. ეკონომიკური აქტივობის შესუსტების და ინფლაციური დაწოლის კლების პარალელურად, სებ-მა მართებულად შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. მოქნილი გაცვლითი კურსის პოლიტიკის შენარჩუნება კვლავ უმნიშვნელოვანესია შოკთან გასამკლავებლად", - აცხადებს ვერა-მარტინი. 

მთავრობის საქმიანობის შესახებ კი IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიღებული საგარეო დაფინანსების პირობებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი მოცულობის ფისკალური პაკეტი შექმნა, რომლითაც სოციალური გასაცემლები და გადასახადების გადავადება დააფინანსა. ამასთან, ვერა-მარტინი ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზეც, რომლის მაგალითადაც მისიის ხელმძღვანელს პენსიების ინდექსაციისა და კომპანიების გადახდისუუნარობის კანონები მოჰყავს.