მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორი: სავარაუდოდ, ოქტომბერში შაქარი გაძვირდება

5f6a0e5004b31
ინგა მურუსიძე
25.09.20 09:00
1843
სხვადასხვა საცალო ქსელებში 1 კგ შაქრის ფასი ხარისხის, ბრენდის და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით განსხვავდება. საშუალოდ, წონით შეძენილი კილოგრამი შაქრის ღირებულება 1.60 ლარიდან იწყება. რაც შეეხება დაფასოებულ შაქარს, 1 კგ-ის ღირებულება 2 ლარს სცდება.

bm.ge დაინტერესდა - ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენციის გათვალისწინებით, რამდენად მოსალოდნელია შაქრის გაძვირება, რადგან ბაზრის მოხმარების უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია.

კომპანია „ალფას“ დამფუძნებელი გურამ ბროძელი ამბობს, რომ კურსის მერყეობიდან გამომდინარე შაქარზე ფასის კორექტირება უწევთ. „სავარაუდოდ, შემდეგ თვეში შაქარი გაძვირდება“, - ასეთია მისი პროგნოზი.

ამასთან, bm.ge-ისთან საუბარში „ალფას“ დამფუძნებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შაქრის რეალიზაციის 10%-იან კლებაზეც ისაუბრა, რაც დიდი ალბათობით, პანდემიის გამო ეკონომიკაში შექმნილი კრიზისითაა გამოწვეული.

გარდა ამისა, იმპორტიორი შაქარზე მოთხოვნის კლების ერთ-ერთ მიზეზად ღვინის ექსპორტის შემცირებას ასახელებს. „შაქრის რეალიზაციის შემცირება ალბათ დაკავშირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან, მაგალითად, ღვინის ექსპორტის შემცირება”, - ამბობს ბიზნესმენი.

„ლარის კურსის ვარდნა პირდაპირ აისახება ჩვენს ბიზნესზე. მით უმეტეს საერთაშორისო ბირჟებზე ფასების მატება მიმდინარეობს, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტებზეც. გვიწევს გეგმების დაკორექტირება, რადგან პრობლემები აქვს ხალხს და მცირდება რეალიზაციაც. გაყიდვები შეგვუმცირდა, დაახლოებით, 10%-ით, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. შაქრის ფასს რაც შეეხება, მასზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას - მატება ლონდონის და ნიუ-იორკის ბირჟებზე და ლარის კურსის ვარდნა საქართველოში. ამჟამად შაქრის ფასი საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით ჯერ კიდევ ნარჩუნდება და ეს არსებული მარაგებით არის გამოწვეული, თუმცა ახლა ყურძნის დაწურვის, კომპოტების და მურაბების კეთების პერიოდია, რაც შაქრის მოხმარებას ზრდის, ეს კი, თავისთავად მარაგების შემცირებას გამოიწვევს“, - განაცხადა ბროძელმა.

კითხვაზე - იმპორტიორი ბაზარზე შაქრის რეალიზაციის შემცირებას მათ შორის „აგარის შაქრის“ ამოქმედებას ხომ არ უკავშირებს, რომელსაც ბაზრის მოხმარების 50%-ის დაკმაყოფილების ამბიცია აქვს, ის ამბობს, რომ - არა.

„არ მგონია, რეალიზაციის შემცირება რაიმე მხრივ „აგარის შაქრის“ შემოსვლას უკავშირდებოდეს. რაც შეეხება თავად „აგარის შაქარს“, ახლაც ვფიქრობ, რომ სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გამართლებული არ იყო. გამართლება იმას, რომ ნედლეული შეიძინონ და „აგარის“ ქარხანაში გადაამუშაონ, არ აქვს. მე მაინც მომხრე ვარ, რომ შიდა ქართლში მოიყვანოს ლერწამი, დაასაქმონ ხალხი და შემდეგ გადაამუშაონ ადგილზევე. ამას სჭირდება სარწყავი არხების გაყვანა და ა.შ. ამ ყველაფერს პერსპექტივა აქვს, თუმცა არა - დასუბსიდირებით. ვფიქრობ, არხების გაყვანა 200 მლნ ლარზე მეტი არ დაჯდება და ამის გაკეთება სუბსიდირებითაც კი შეეძლოთ, თუმცა სამწუხაროდ, ამას არ აპირებენ“, - განაცხადა ბროძელმა.