მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Insider: 2019 წელს გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში

5e088611b6401
მარიამ ადამია
29.12.19 17:00
1077
ხელოვნების ნიმუშები, ფინანსურად შეძლებულ ადამიანებს შორის ყოველთვის ფასობდა. უმრავლესობა მათგანს კოლექციაც კი აქვს და პერიოდულად დებენ მათში ინვესტიციას. ამ თვალსაზრისით 2019 წელი საკმაოდ მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდა და მსოფლიოში უმსხვილესი შესყიდვებიც განხორციელდა. მათგან TOP-10 კი, ასე გამოიყურება:

ყველაზე ძვირად მიმდინარე წელს ანუ 110 მილიონ 700 ათას დოლარად, ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე იმპრესიონიზმის ერთ-ერთი სიმბოლო - კლოდ მონეს „თივის ზვინები" გაიყიდა. სოტბის აუქციონის სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის რეკორდული თანხა, რაც კი ოდესმე მონეს ნახატში გადაუხდიათ. კლოდ მონემ ნახატების სერიის „თივის ზვინების“ შექმნა 1890 წელს დაიწყო. ზოგიერთი მათგანი განთავსებულია სხვადასხვა მუზეუმში, მათ შორის მეტროპოლიტენ მუზეუმსა და ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში. ნახატის ამჟამინდელი მყიდველის შესახებ ინფორმაციას აუქციონი არ ავრცელებს.

რეიტინგში რიგით მეორე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია, რომელიც კრისტის აუქციონზე 91 მილიონ დოლარად გაიყიდა - ჯეფ კუნსის მიერ შექმნილი სკულპტურა - კურდღელია და ასე დაიმსხვრა მითი ანუ საჭირო არ არის გარდაცვლილი იყო, მილიონებად ცოცხალი მხატვრების ნამუშევრებიც იყიდება. როგორც უცხოური მედია წერს, ჯეფ კუნსის კორპორაციაში 135 ადამიანია დასაქმებული. სწორედ აქ კომპიუტერის საშუალებით ქმნის კუნსი მოდელებს და შემდეგ მისი გუნდი მას რეალურ სამყაროში ქმნის. სამეულში მოხვდა რობერტ რაუშენგერგის ბუფალო, რომელიც 88 მილიონ 800 ათას დოლარად გაიყიდა კრისტის აუქციონზე და ის „ვოლმარტის“ მემკვიდრემ ელის უოლტონმა შეიძინა.

59 მილიონ 295 ათას დოლარად, ასევე კრისტის აუქციონზე, გაიყიდა მიმდინარე წელს პოლ სეზანის ნატურმორტი „ფარდა დოქი და ხილის ლამბაქი“. ფრანგი მხატვრის ნამუშევარი, ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრების რეიტინგის მე-4 ადგილს იკავებს. ხუთეულშია პაბლო პიკასო და მისი ნამუშევარი „გოგონა ძაღლით“, რომელიც 54 მილიონ 900 ათას დოლარად გაიყიდა სოტბის აუქციონზე. ნახატზე გამოსახულია ქალი ჟაკლინ როკი, რომელიც მხატვარს წლების განმავლობაში უყვარდა და არაერთხელ გამხდარა ინსპირაციის წყარო და მოდელი. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, სწორედ ჟაკლინი იქცა პაბლოსთვის უკანასკნელ მუზად. რეიტინგის მეექვსე პოზიციაზეა ენდი უორჰოლის ნამუშევარი „ორმაგი ელვისი“, რომელიც ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე 53 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მათივე სურვილით არ არის ცნობილი ნახატების ახალ მესაკუთრეთა ვინაობა და ანონიმურად ყოფნას ამჯობინებენ, განსხვავებით ცნობილი ამერიკელი პოპ-მხატვრის ედ რუშეის ნამუშევარის Hurting the Word Radio-ის მფლობელისგან. ნახატი ჯოან და ჯეკ ქუინებს ეკუთვნის, რომლებმაც 52 მილიონ ნახევარი დოლარი გადაიხადეს და ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენთა სიაში მეშვიდე ადგილს იკავენს. მას კი ფრენსის ბეკონის ნამუშევარი "Study For A Head" მოსდევს, რომელიც 50 მილიონ 400 ათას დოლარად გაიყიდა. ბოლო ორ პოზიციაზეა მარკ როთკოს ნამუშევარი „უსახელო“ და დევიდ ჰოკნის ნახატი „ჰენრი გელდზელერი და კრისტოფერ სკოტი“, ორივე 50 მილიონ 100 ათას დოლარად გაიყიდა.