მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორი ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის ემზადება - მერია დაჯარიმებით ემუქრება

602a225c8e7e7
ინგა მურუსიძე
15.02.21 11:41
1082
ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ინვესტორმა კომპანია "ტიფლის დეველოპმენტმა" სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გოგა ზაქაიძემ „TV პირველს“ განუცხადა, 6 წლიანი დავის შემდეგ მან ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და, შესაბამისად, მშენებლობისთვის სასამართლოს ნებართვა აქვთ.

„ჩვენ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორია. მოგებული გვაქვს ყველა ინსტანცია და სასამართლომ მოგვცა მშენებლობის ნებართვა. დღეს დავიწყეთ სასტუმროს მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაო. შეიძლება, მერიამ დაგვახარვეზოს მხოლოდ ერთი მომენტის გამო, რომ ღობე გვაქვს აღსადგენი. აღვადგენთ ღობეს და ამის შემდეგ დავიწყებთ სასტუმროს სამშენებლო სამუშაოებს“, - განაცხადა ზაქაიძემ.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების წარმოების პროცესში ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც გოგა ზაქაიძეს განუმარტეს, რომ სამუშაოების წარმოების უფლება არ აქვთ.

„2015 წლის დადგენილებით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების უფლება შეწყვეტილი გაქვთ. მოგიწოდებთ, შეაჩეროთ სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგიწერთ 50 ათას ლარიან ჯარიმას, ხოლო თუ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, შეგიძლიათ, მოითხოვოთ მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და ისაუბროთ დამატებით საკითხებზე“, - მიმართეს ინვესტორს მერიის წარმომადგენლებმა და კომპანიას მისცეს გონივრული ვადა, რომ ტექნიკამ სამუშაოები შეაჩერონ.

თავის მხრივ, გოგა ზაქაიძემ მერიის წარმომადგენლებს მიმართა და დედაქალაქის ხელმზღვანელობასთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა, თუმცა მშენებლობის შეჩერებას არ აპირებს.

ამ წუთებში ვაკის პარკის მიმდებარედ ინვესტორი, მძიმე ტექნიკა და მერიის წარმომადგენლებიც არიან მობილიზებული.

ინფორმაციისთვის: თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება გადაწყვიტა. თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ვაკის პარკი დაიკეტება და ის განახლდება, თუმცა შეინარჩუნებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რაც იქ არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც 2013 წელს გაცემულია ნებართვა სასტუმროს მშენებლობაზე. პროექტი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ამავე სახელობის კომპანიამ უნდა განახორციელოს, თუმცა თბილისის მოქმედი მთავრობა ამაზე უარს აცხადებს. მოლაპარაკებები უკვე ორი წელია გრძელდება, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, ის ჩიხშია შესული და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან საკუთრებით ვერ სარგებლობს. საკითხს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. მისი თქმით, მერიას მოლაპარაკებების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო ვერ აშენდება.