14.ივნისი .2021 21:18

ინვესტორთა საბჭო: PWC-ის კვლევის რეკომენდაცია გადასახადების შემცირება არ არის

ინვესტორთა საბჭო: PWC-ის კვლევის რეკომენდაცია გადასახადების შემცირება არ არის
views 290
უკან

EBRD-ისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ გამოაქვეყნა PwC-ის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებს და ინვესტორთა მოლოდინების კვლევას მოიცავს.

კვლევაში განხილულია ის საბიუჯეტო და ეკონომიკური ეფექტი, რომელიც კონკრეტული გადასახადების მოცულობის შემცირებას ექნება. მათ შორის კვლევის თანახმად, გადასახადი, რომლის შემცირებასაც ყველაზე დადებითი ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე, საშემოსავლო გადასახადია. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ყველა დასაქმებული საშემოსავლოს სახით ხელფასის 20%-ს იხდის. თუკი ეს მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 1.7%-ით დაჩქარდება, 12%-მდე შემცირება კი მას 2.7%-ით გაზრდის.

თუმცა, “საქმის კურსთან” საუბრისას ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი განმარტავს, რომ კვლევის ამ ნაწილს სარეკომენდაციო ხასიათი არ აქვს. მისი თქმით, დოკუმენტის ავტორებმა უბრალოდ შექმნეს ეკონომიკური მოდელი, რომელიც აჩვენებს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ გადასახადის ცვლილებას ეკონომიკურ ზრდასა და საბიუჯეტო შემოსავლებზე.

გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, ეს არის ე.წ. ფორმულა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ პერიოდში იყოს გამოყენებული და სხვადასხვა ეკონომიკურ სიტუაციაში განსხვავებული შედეგები აჩვენოს. ამ შემთხვევაში კი საგადასახადო შეღავათების გაზრდა/შემცირების გავლენა 2021 წლის აპრილის მაჩვენებლებზეა დათვლილი.

“გვინდოდა წარმოგვეჩინა, როგორ მუშაობს ესა თუ ის მოდელი. კვლევის ამ ნაწილს რეკომენდაციის ხასიათი არ აქვს. ეს რომ რეკომენდაცია ყოფილიყო, წარმოდგენილი იქნებოდა ისიც, საიდან შეიძლება შეივსოს ის საბიუჯეტო დანაკლისი, რომელიც ამა თუ იმ საგადასახადო შეღავათს მოყვება. ეს არის სატესტო შედეგები, რომელმაც უბრალოდ გვაჩვენა, რა შედეგი მოაქვს ამა თუ იმ საგადასახადო ცვლილებას”, - აცხადებს გიორგი ჩერქეზიშვილი.

არის თუ არა კვლევა წინაპირობა, რომ საქართველოს მთავრობა გადასახადების გადახედვას აპირებს? ინვესტორთა საბჭოში აბობენ, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკური სცენარებია, მთავრობის გეგმების შესახებ კი მათ არ იციან. თავად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს “საქმის კურსს” უთხრა, რომ გადასახადების შემცირების საჭიროება დღეს არ ჩანს.

რაც შეეხება კვლევის სხვა საკითხებს, გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, გამოიკვეთა ის საკითხებიც, რომლებსაც უცხოელი ინვესტორები ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებამდე აქცევენ ყურადღებას. ჩერქეზიშვილი განმარტავს, რომ მათი მიზანი იყო, ეპოვათ გზები, რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის.

“პოსტპანდემიურ პერიოდში შეიცვალა ინვესტორების დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. კვლევამაც ეს აჩვენა, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკის შეცვლა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. კვლევის ფარგლებში 100 ინვესტორის გამოკითხვა მოხდა, რომლებსაც საქართელოსთან შეხება არ ჰქონიათ და გამოიკვლიეს, მათი მიდგომები, რა ფაქტორებს აქცევენ ისინი ყურადღებას, სანამ ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ. ერთ-ერთ კრიტერიუმად კვალიფიციური მუშახელი განისაზღვრა და აქცენტი განათლების სისტემაზე გაკეთდა. მეორე საკითხად გამოიკვეთა ბიზნესგარემო, ხაზგასმული იყო ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაც, რომელშიც ასევე მოიაზრებოდა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და სერვისების დიჯიტალიზაცია”, - აცხადებს გიორგი ჩერქეზიშვილი.

მისივე თქმით, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის დასახელებულია სასამართლოც და ამ მიმართულებით საქართველოში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა.