მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება თუ არა საშობაო ბაზრობები საქართველოში?

5fb404f9c4e57
მარიამ ადამია
18.11.20 00:10
1524
“საბურთალოს City mall-ში არსებული სკვერი, 20 დეკემბერს საშობაო ბაზრობად გადაკეთდება, ნაძვის ხეც მოირთვება, ბუხარიც დაინთება და სანტაც მოვა, თუმცა უსაფრთხოდ, ყველა რეგულაციის დაცვით და დისტანციით,” - ამის შესახებ city mall-ის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა სოფო ელოშვილმა Bmg-სთან ისაუბრა.

“გამოფენა-გაყიდვა 20 დეკემბერს დაიწყება და 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, რაც შეეხება მასში მონაწილეობას, ნებისმიერ მსურველს, იქნება სტარტაპერი თუ მსხვილი მეწარმე, შეუძლია მოგვმართოს city mall-ის ადმინისტრაციას და ინტეგრირდეს გამოფენა/გაყიდვაში”, - აღნიშნა სოფო ელოშვილმა.

სამწუხაროდ, საახალწლო განწყობის შექმნას დედაქალაქში წელს ყველა ვერ ახერხებს და თუკი გასულ წლებში გვქონდა იმის ფუფუნება, რომ საშობაო სოფელი რამდენიმე სივრცეში გვქონოდა, ახლა ორგანიზატორი კომპანიების ნაწილი ან აუქმებს ან სხვა მიმართულებით ანაწილებს დარჩენილ რესურსებს. მათ შორის არის გამომცემელთა ასოციაცია, რომელიც უკვე 6 წელია წინასაახალწლოდ, დეკემბრის მიწურულს საახალწლო წიგნის ფესტივალს და საშობაო ბაზრობას აწყობს ხოლმე დედაქალაქში. ტრადიცია წელს მეშვიდედ გაგრძელდებოდა, რომ არა კოვიდი და პანდემია.

“ორგანიზატორებმა ღონისძიების დაგეგმვა და არასწორი მოლოდინების შექმნის ნაცვლად ხარჯები, ენერგია და სრული რესურსი სხვა მიმართულებით გადავანაწილეთ. არც სივრცე გვაძლევს უსაფრთხოების დაცვის საშუალებას, რადგან საახალწლო წიგნის ფესტივალი ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება და მეორე მიზეზი ღონისძიებების გაუქმება არის ეპიდ-ვითარება და გაურკვეველი მომავალი, ამიტომ არ გვინდა არასწორი მოლოდინები შევუქმნათ ადამიანებს. თუმცა მართალია ფესტივალი არ გვექნება, მაგრამ სამაგიეროდ რეგიონებში ბიბლიოთეკები გაუმჯობესდება”, - განაცხადა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გვანცა ჯობავამ.

რაც შეეხება თბილისის მერიის გეგმებს, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყებას ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და არც ის იციან იქნება თუ არა საშობაო სოფელი. თუმცა უკვე გამოიყო ბიუჯეტიდან თანხა, რომელიც მოხმარდება საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების და აქსესუარების, ასევე საახალწლო ნაძვის ხის მორთვა-გაფორმებას და ეს თანხა წელს 195 800 ათას ლარს უტოლდება.

რაც შეეხება ბათუმს, აქაც გამოცხადებულია ტენდერი საახალწლოდ მორთვის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ხოლო საახალწლო ღონისძიებებზე მუშაობა მიმდინარეობს, ამიტომ იქნება თუ არა, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა უჭირთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები