მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ირანი საქართველოში ცემენტის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად დემპინგს მიმართავს"

5e48f2c615cac
ანა ციხისთავი
16.02.20 11:45
2536
ცემენტის ბაზარზე არსებულ სირთულეებზე BM.GE-სთან "ჰაიდელბერგცემენტის" რეალიზაციის და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, ადგილობრივი კომპანიებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას დემპინგი წარმოადგენს, ამ მხრივ კი, ქართულ ბაზარზე ირანული პროდუქცია გამოირჩევა.

"როგორც წესი, ირანელი იმპორტიორები მაშინ აქტიურდებიან, როდესაც დასავლური ქვეყნები და აშშ მკაცრ სანქციებს უწესებენ. როდესაც ქვეყნიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტს ვეღარ ახერხებენ, აქცენტი სხვა პროდუქციაზე გადააქვთ, მათ შორის, ცემენტსა და კლინკერზე (ცემენტის ძირითადი ნედლეული).

ახლაც, 2019 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ირანული კლინკერის იმპორტი ყოველთვიურად იზრდება და ძალიან ცუდად აისახება მთლიანად ინდუსტრიაზე, რადგან იმისთვის, რომ ბაზარზე სწრაფად მოიკიდონ ფეხი, დემპინგს (თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად პროდუქტის რეალიზება) მიმართავენ.

ამგვარი ტიპის რყევები დიდ ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკის უამრავ დარგს და მათ შორის, ცემენტის ინდუსტრიას", - აცხადებს მახარობლიძე.  

კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ელექტროენერგიის ფასის "ყოველდღიურ" ზრდაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2019 წელს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი დემპინგს, რადგან 2019 წლის 1 მაისიდან, "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, მსხვილი მწარმოებლები ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე, ჰესებისგან იძენენ.

მისი თქმით, ეს ცვლილება მსხვილ მწარმოებლებს პროდუქტს უძვირებს, სანაცვლოდ კი იმპორტი ხორციელდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ელექტროენერგია ძალიან იაფია და ამასთან, ექსპორტსაც ასუბსიდირებენ. ასეთი მწარმოებლებიც, ირაკლი მახარობლიძის ინფორმაციით, საქართველოში ადგილობრივ საბაზრო ფასზე ბევრად უფრო იაფად ყიდიან ცემენტს.

"ჰაიდელბერგცემენტის" BM.GE -სთან აქამდეც საუბრობდა ადგლობრივი და იმპორტირებული ცემენტის ხარისხის კონტროლის პრობლემაზე. "ეს იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხად. საქართველოში 30-ზე მეტი ცემენტის მწარმოებელია, რომელთაგან ალბათ 4 ან მაქსიმუმ 5 კომპანია თუ აკმყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს, დანარჩენი ყიდის გაურკვეველი წარმომავლობის "ფხვნილს" რომელსაც არქმევს ცემენტს და ათავსებს ბაზარზე", - აღნიშნავს "ჰაიდელბერგცემენტის" წარმომადგენელი.

ირაკლი მახარობლიძის თქმითვე, იმპორტირებული ცემენტისა და კლინკერის ხარისხი საქართველოში არ მოწმდება. ოფიციალური ორგანოები მხოლოდ დოკუმენტების გადამოწმებით შემოიფარგლებიან, შესაბამისად, მისივე განმარტებით, არავინ იცის, როგორი ხარისხისაა ეს პროდუქცია.

ქართველიშვილი წინა წლების ხარისხის შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში რეალიზებული ცემენტის ⅔-დან ¾-მდე ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს.

"იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაუბრუნდება ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვას და სამშენებლო ბაზრის ძირითადი კომპონენტების ხარისხი პრიორიტეტული გახდება", - აცხადებს ირაკლი მახარობლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები