მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს ტარიფების ინდექსაციაზე უარი უთხრა

62cc22713bb42
ვიქტორია მღებრიშვილი
11.07.22 18:06
1798
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების ინდექსაციის გადახედვას არ გეგმავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-მ ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა - კლინიკების ახალ სისტემაზე გადასვლამდე, როდისთვის გეგმავს სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ტარიფების ინდექსაციის გადახედვას. აღსანიშნია, რომ აღნიშნულ საკითხზე კლინიკები უწყებასთან თვეების განმავლობაში მუშაობდნენ და გადაწყვეტილებას ივლისისთვის ელოდნენ. 130 კლინიკისაგან შემდგარ ჯანდაცვის ასოციაციაში კი აცხადებდნენ, რომ თუ საკითხი არ გადაწყდებოდა, მაშინ კლინიკების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დატოვებდა.

ზურაბ აზარაშვილი კლინიკების მხრიდან სახელმწიფო პროგრამიდან გასვლის გადაწყვეტილებას თავად უარყოფს და ამბობს: „თქვენს სტატიაში ვინც იყო მოხსენიებული გუშინ საღამოს შეგვეხმიანა და განაცხადა, რომ ამის შესახებ არ განუცხადებია“.

რაც შეეხება DRG სისტემას და კლინიკების ტარიფიკაციას, მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 2030 წლამდეა გაწერილი და 2030 წლის ბოლომდე მიზნად მოსახლეობის 90-95%-იან დაფარვას ისახავს. მისივე თქმით, დღეს პროგრამის დაფარვა 70%-ია.

„რადგან გვაქვს მზაობა მოსახლეობას სამედიცინო სერვისები დავუფინანსოთ, ეს სამედიცინო სერვისები განსაკუთრებით მაღალი ხარისხის უნდა იყოს, ჩვენ რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესაბამის გარემოში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და შესაბამისი მედიკამენტებით ემსახურებიან. ჩვენ როდესაც DRG-ი სისტემის შემოტანა დავაანონსეთ, აპრილიდან ეს საპილოტე რეჟიმში გავუშვით; სექტემბერ-ოქტომბრიდან ვგეგმავთ კლინიკებზე გავავრცელოთ, ხოლო წლის ბოლოდან ყველა კლინიკაზე გავრცელდება. ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიანს და ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე გადაიხდის.

გული მწყდება, რომ კლინიკების მხრიდან აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე ხდება. ჩვენ მხოლოდ ფინანსურს ნაწილს არ ვჯერდებით. აუცილებელია ხარისხი იყოს ადეკვატური და არაფინანსური ნაწილის მოწესრიგებული, ის სტანდარტები კი რომელსაც ჩვენ კლინიკებს მოვთხოვთ ეტაპობრივად იყოს დაკმაყოფილებული.

რამდენიმე თვის წინ ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ აქტიურად მიმდინარეობს ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, რომელიც მკურნალობის ნაწილში ძალიან მნიშვნელონია. არის კლინიკები, სადაც 2-3 ჯერ მივდივართ. იმ კლინიკების მიმართ, რომლებიც ადეკვატური მკურნალობის პირობების შექმნას ვერ შეძლებენ, მოგვიწევს, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან ჩახსნა და უფრო მძიმე სანქციების გატარება“, - აცხადებს მინისტრი.

ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ DRG სისტემაზე სრულად გადასვლამდე, ტარიფების ინდექსაციის გადახედვა არ მოხდება.

„DRG-სისტემაზე სრულად გადასვლამდე ინდექსაცია არ იქნება, რადგან არ ვიცით საიდან უნდა გამოვიდეთ - ინფლაციას უნდა მივაბათ ტარიფი თუ არა, კონკრეტულ ნოზოლოგიებს უნდა მივაბათ თუ არა, ახლა ითხოვენ რეანიმაციას მივაბათო - რატომ მას და არა სხვას. ეს რამდენიმე თვის პროცესია, რომელიც გეგმის მიხედვით მიდის. ამ პროცესს უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ სამართლიანი ტარიფები იქნება, და არა ის, რომ დღეს რაღაც ტარიფი შემოვიღოთ და როცა DRG შემოვა, იმან გვიჩვენოს, რომ ტარიფი შესამცირებელია... არასერიოზული გამოვა“, - განმარტა მინისტრმა.