21.მარტი .2022 08:00

რუბლის ტენდენცია შეიცვალა - სავალუტო მიმოხილვა (11.03 – 18.03)

რუბლის ტენდენცია შეიცვალა -  სავალუტო მიმოხილვა (11.03 – 18.03)
views 10825
უკან

გასული კვირა სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებისთვის მკვეთრად განსხვავებული იყო, ვიდრე წინა პერიოდი. ერთადერთ გამონაკლისად შეიძლება მხოლოდ ლარი მივიჩინოთ, რომელიც წინა კვირის მსგავსად გამყარებულია, მაგრამ გაცილებით დაბალი ნიშნულით. ამ პერიოდში, რადიკალურად შეცვლილი ტენდენცია რუბლს ახასიათებდა.
 
მარტის მესამე სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.213 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.222-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.29%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის მეათე სავაჭრო კვირას 3.83%%-ით იყო გამყარებული. ამდენად, ლარს ზედიზედ სამკვირიანი გაუფასურების შემდეგ, ზედიზედ მეორე კვირაა მყარდება და წლის დასაწყისის ტენდენციას დაუბრუნდა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 4.03%-ითაა გაუფასურებული, რაც უმეტესად თებერვალში 5.44%-იანი გაუფასურების შედეგია.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მეტით, 39.69%-ით რუსული რუბლია გაუფასურებული. თუმცა, გასულ კვირას რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 22.38%-ით გამყარდა, რაც 24 თებერვლის, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად უფასურდებოდა. რუსეთის ფინანსური სისტემისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, მარტის პირველ სავაჭრო კვირას 45.22%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 9.19% იყო. რაც შეეხება უკრაინულ გრივნას. უკრაინული ვალუტა 28 თებერვლის შემდეგ ბლუმბერგის პლატფორმაზე არ ივაჭრებოდა, რაც გასული წლის ბოლო სავაჭრო კვირას განახლდა. 28 თებერვალს გრივნის გაცვლითი კურსი 30.175 იყო, რაც პარასკევს 2.56%-ით, 29.403-მდე გამყარდა.

მარტის მესამე სავაჭრო კვირა სხვა ვალუტებიც გამყარდა. მათ შორის, მაღალი, 5.22%-იანი გამყარებით სომხური დრამი გამოირჩეოდა. დოლართან მიმართებით, დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვირას 1.15%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე სომხური ვალუტა 1.57%-ითაა გაუფასურებული. ამ პერიოდში, რუბლის შემდეგ, ყველაზე მეტით, 12.78%-იანი გაუფასურებით თურქული ლირა გამოირჩევა, რომელიც გასულ წელსაც მკვეთრად, 78.81%-ით იყო გაუფასურებული. გასულ კვირას საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის ვალუტა 0.26%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 3.99% იყო. მარტის მესამე სავაჭრო კვირას ყველაზე მეტით, 1.60%-ით იაპონური იენია გაუფასურებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 11.03 – 18.03 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია გასულ კვირას, 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გასულ წელს ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე სულ 9-ჯერ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო ბაზარზე უცხოური ვალუტა არ შეუსყიდია. სები სავალუტო ინტერვენციებით უმეტესწილად წლის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, რადგან 7 სავალუტო აუქციონი იანვარ-აპრილში იყო. აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ამდენად, სავალუტო ინტერვენციების კუთხით გასული წელი მეტად პასიური იყო, ვიდრე წინა პერიოდი. პანდემიის პირველ წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ 26 ინტერვენციით 873.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 14.03 – 18.03-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

თუკი ლარი გასულ კვირას მკვეთრი გამყარების ფონზე, მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა, გასულ კვირას 0.29%-იანი გამყარების პირობებში ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.29%-ით იხრებოდა. მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის მერყეობა გაცილებით მაღალი, 3.05% იყო. ლარის მსგავსად გასულ კვირას დაბალი მერყეობით გამორჩეული ვალუტები ჩინური იუანი (0.15%) და იაპონური იენი (0.33%) იყო.

წინა რამდენიმე კვირის მსგავსად, შერჩეულ ვალუტებს შორის, ყველაზე მაღალი, 8.26%-იანი მერყეობა რუსულ რუბლს ახასიათებდა. თუმცა, გასულ კვირას რუბლი გამყარებული იყო, როცა წინა პერიოდში უფასურდებოდა. მარტის მეორე სავაჭრო კვირას, 9.19%-იანი გაუფასურების ფონზე, რუბლის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 3.16%-ით იხრებოდა. რუსული რუბლის შემდეგ, შედარებით არასტაბილურობა სომხურ დრამს ახასიათებდა. გასულ კვირას, სომხური ვალუტა, 5.22%-იანი გამყარების ფონზე, 1.99%-ით მერყეობდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 11.03/18.03 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. აღნიშნული საშუალოდ 3.68%-ს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 15.05%-ით რუსულ რუბლთან იყო გამყარებული. თუმცა, გასულ კვირას ლარი ყველაზე მეტით, 25.76% სწორედ რუბლთან მიმართებით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარის საშუალო შეწონილი კურსი ყველაზე მეტით, 24.11%-ით სწორედ რუბლთან მიმართებითაა გამყარებული. რუსული რუბლის შემდეგ, თურქულ ლირა და უკრაინულ გრივნასთან გამოირჩევა.

წლის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინულ გრივნასთან მიმართებით, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი 6.05%-ითაა გამყარებული, რაც გასულ კვირასაც 0.65%-ით იყო გამყარებული. ამავე პერიოდში, თურქული ლირასთან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი 0.46%-ით გაუფასურდა, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე, ლირასთან 6.23%-ითაა გამყარებული. გარდა ლირისა, მარტის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლით კურსი მაღალი, 5.41%-იანი ნიშნულით მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი დრამთან მიმართებით 2.21%-ითაა გაუფასურებული. რაც შეეხება გამყარებას, გასულ კვირას ლარი მკვეთრად იაპონურ იენთან 2.51%-ით, ხოლო ჩინურ იუანთან 1.09%-ით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მარტის მესამე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან და დრამთან გაუფასურება ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებაში აისახა, რადგან სავაჭრო მაჩვენებლებიდან გამომდინარე ინდექსში რუბლის წილი 14.6%-ია, ხოლო დრამის 6.7%-ს აღწევს. გასულ კვირას ეფექტური კურსი 3.38%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 4.76%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 4.22%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 24.84%-ია.

მარტის მესამე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 137.0-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 1.12%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის მეათე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 2.05% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 25.34%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 24.20% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის მეთერთმეტე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნების საქონელი და მომსახურებას იაფდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა