მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკულია მთავრობას სავალუტო პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს

5ec69a6e95f7c
ელენე გოგბერაშვილი
21.05.20 19:10
900

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობას მოუწოდებს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების გახსნის გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან თვლის, რომ მიზეზი, რის გამოც დღეს ჯიხურები დახურულია, აღარ არსებობს.

„უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი მიზეზი დახურვის და მეც ვეღარ ვხედავ მართალი გითხრათ იმის მიზეზს, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში რატომ არ არის შესაძლებელი გაიხსნას ეს ჯიხურები.

ასეთი მიზეზი ფაქტობრივად აღარ არსებობს, ამიტომ ჩემი თხოვნაც იქნება და მივმართავ თხოვნით მთავრობას, რომ ჯიხურების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება მალე იქნას მიღებული. იმიტომ, რომ კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ჯიხურები არ უნდა იყოს გახსნილი, სადაც შესაძლებელია იგივე პრინციპები იქნას დაცული, რასაც იცავს მაგალითად მაღაზია, რომელშიც შეიძლება ყველა არ ვაჭრობს ბარათით; აქ თუ საუბარია ქეშთან დაკავშირებულ თემებზე, ასეთი თემები სხვაგანაც ბევრი გვაქვს“-აცხადებს კაკულია.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 31 მარტიდან დაიხურა, თუმცა იგივე ოპერაციები დღემდე შეუფერხებლად სრულდება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. მთავარი კითხვაც სწორედ აქ ჩნდება. ბიზნესისთვის გაურკევევლია, რატომ მიიღო მთავრობამ ჯიხურების დახურვის გადაწყვეტილება მაშინ, როცა მათ მომხმარებელთან უშუალოდ პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვთ.

ოფიციალური გაიდლაინი, თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ გახსნის შემთხვევაში სავალუტო ჯიხურებს, ჯერ ცნობილი არ არის.

ამ თემაზე დღეს ბიზნესომბუდსმენთან სავლუტო ჯიხურების წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, თუმცა ამ შეხვედრაზე არც გახსნის კონკრეტულ  ვადებზე იყო საუბარი და არც კონკრეტულ გაიდლაინებზე, რაც ოპერირების განახლების შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.

 

ბიზნესომბუდსმენის აპარატის გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან კონსულტაციები გაგრძელდება და პროცესში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ჩაერთვება.


„ვალუტის გადამცვლელი ობიექტები არიან მნიშვნელოვანი სერვისის მიმწოდებლები და როგორც დღეს მათგან მოვისმინეთ, ყოველდღიურად მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის შემუშავდება ვირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციები და ცხადია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მხარს დაუჭერს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორის გახსნა მოხდეს დროულად. მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გახსნა იყოს მდგრადი და სექტორში მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული სტანდარტების დანერგვა და დაცვა“ - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

 

მთავრობის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის მიხედვით, ყველანაირი საფინანსო მომსახურების განახლება მე-4 ეტაპზე, 8 ივნისიდან იქნება ნებადართული, თუმცა სავალუტო პუნქტებს მოლოდინი აქვთ, რომ ეს ვადა გადმოიწევს.