თბილისის მერი კახა კალაძე სადისტრიბუციო მანქანების ქალაქში მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეებს სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება დაავალა, რათა მათთვის სამუშაოდ დღის განმავლობაში სპეციალური საათები გამოიყოს. კალაძის თქმით, აღნიშნული ქალაქში საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს.
„დღის განმავლობაში სადისტრიბუციო ავტომობილების გადაადგილებისთვის კონკრეტული საათები უნდა იყოს გამოყოფილი.
ჩვენ ვსაუბრობთ საცობების მოწესრიგებაზე, ეს კომპლექსური პრობლემაა, მაგრამ ის კომპონენტი რაც ნარჩენების გატანას, ყვითელი ავტობუსების მოძრაობას, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობას ეხება - უნდა იყოს დარეგულირებული. ამას მოჰყვება სხვა ღონისძიებებიც. ჩემი თხოვნაა სწრაფად მოხდეს სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა“, - განაცხადა კალაძემ.