კარდიოლოგიის მიმართულებით მოქმედი ასოციაციები პარლამენტს და ჯანდაცვის სამინისტროს 520-ე დადგენილების შესახებ განხილვების განახლების მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ კარდიოქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან ლომინაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ქირურგიულ ოპერაციებზე ტარიფების გათანაბრებამ, რაც 2019 წლის ნოემბერში შევიდა ძალაში, დარგს პრობლემები შეუქმნა, კერძოდ, ფინანსური ზიანი მიაყენა კლინიკებს, ასევე ქირურგიულ ბრიგადებს, რომლებსაც ანაზღაურება შეუმცირდათ. პანდემიის გამო 2020 წლის იანვარში 520-ე დადგენილების შესახებ სახელმწიფო უწყებასა და დარგს შორის კომუნიკაცია შეწყდა. პანდემიის პერიოდში შექმნილმა მდგომარეობამ კი დარგი კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან გაზრდილი ხარჯების პირობებში დღეს არსებული ტარიფებით ოპერაციების ჩატარება შეუძლებელი გახდა.
„დღეს პანდემიის კუთხით, ვითარება გაუმჯობესდა. ჩვენს თავს უფლება მივეცით კარდიოქირურგთა, კარდიოლოგთა, კარდიოინტერვენციისტთა და რითმოლოგთა ასოციაციებმა პარლამენტს და ჯანდაცვის კომიტეტს თხოვნით მივმართეთ, რომ ამ საკითხზე, რომელიც 2020 წლის იანვარში შეჩერდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია განახლდეს და ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველით გამოხმაურებას როგორც ჯანდაცვის კომიტეტიდან, ასევე სამინისტროდან.
მინდა აღვნიშნო, რომ პრობლემა 520-ე დადგენილების შემოსვლისთანავე იყო. ბევრი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის პრემიერთან, სადაც მივიღეთ დაპირება, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაცია იქნებოდა და ის დადგენილებაში კორექტივებს შეიტანდა. ასოციაციებმა იმ პერიოდში არსებული მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ, დეკემბრის ბოლოს სტანდარტები გადავაგზავნეთ სამინისტროში, რომ ოპერაციული ჩარევის ფასწარმოება დაგვენახებინა. ამ საკითხებზე მსჯელობა და კონსულტაციები 2020 წლის იანვარში უნდა ყოფილიყო, მაგრამ პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. პანდემიამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა, რადგან პანდემიამ ხარჯები დეზინფექციის საშუალებების, ნიღბების, PCR-ტესტების გამო კიდევ უფრო გაზარდა. საბოლოოდ ყველაზე დიდი დარტყმა ლარის გაუფასურებამ ოპერაციული ჩარევის ხარჯები კატასტროფულად გაზარდა, რადგან ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ყველა ერთჯერადი საშუალების და რასაც ვიყენებთ შესყიდვა უცხოეთიდან დოლარით ან ევროთი ხდება, აქედან გამომდინარე ყველაფრის ფასი გაიზარდა. ძვირად ღირებული ოპერაციები, სადაც სარქველის ჩანაცვლება, პლასტიკები ინტერვენციაში, სტენტირებები და ა.შ. ამ ოპერაციების წარმართვა ამ ვითარებაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, - განაცხადა სულხან ლომინაძემ.
კარდიოქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ 520-ე დადგენილებას სელექტიური კონტრაქტირება და DRG-ის სისტემაზე გადასვლა უნდა მოჰყოლოდა, რაც ამ დარტყმას მიმართულებაზე მეტნაკლებად შეამსუბუქებდა.
„პანდემიამ ყველაფერი დროში გადაწია და ჩვენ აღმოვჩნდით 520-ე დადგენილების პირობებში, არანაირი მანევრირების საშუალება აღარ კლინიკას და აღარც დარგს აღარ ჰქონდა. ვიმედოვნებთ, დღევანდელი ვითარება სამინისტროდან კონკრეტული გეგმის მიღების საშუალებას მოგვცემს - იგივე სელექტიურ კონტრაქტირებაზე გადასვლის, DRG-ზე გადასვლის თარიღი და იმ რეალობის აღქმის, რაც ლარის კურსთანაა დაკავშირებული“, - თქვა ლომინაძემ.