მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპში საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერილი პროექტის "დაკარგულ" ინვესტორს ეძებენ

5d1dc0b180c53
დავით ჯალაღონია
04.07.19 13:00
5588
კასპში, სოფელ მეტეხში, ესპანური კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტეს" საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხნის მშენებლობაში 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. საწარმოს მშენებლობას საფუძველი გასული წლის ნოემბერში ჩაეყარა, თუმცა ამ დრომდე ადგილზე სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა და როგორც კასპის მერიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ინვესტორი კომპანია მეტეხში დიდი ხანია აღარ ჩანს.

სოსო მარღიშვილის ინფორმაციით, პროექტი შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ამის მიზეზი არ იცის.

"ვერანაირად ვერ ვუკავშირდებით, აქამდე ჩვენთან კომუნიკაცია არც ჰქონიათ და არც გამოჩენილან. ადგილზე ძველი შენობა დგას, მისი დემონტაჟიც არ მომხდარა. გაზაფხულზე რაღაც მასლები მოიტანეს და ამის შემდეგ არაფერი ვიცით", - აცხადებს სოსო მარღიშვილი.

პროექტის მიხედვით, ესპანურ კომპანიას სოფელ მეტეხში აგურის ქარხანა, რომლის წარმადობა წლიურად 120 000 ტონა უნდა ყოფილიყო, მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაეხსნა, პროექტში 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაედო და 50-მდე ადგილობრივი დაესაქმებინა.

პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და "ბანკი ქართუ".

საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ დოკუმენტს 2018 წლის 26 ნოემბერს ხელი "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ესპანური კომპანია "კერამიკა ელ ტორრენტეს" ხელმძღვანელმა და ქართული კომპანია "კერამიკა ელ ტორენტეს" დირექტორმა მოაწერეს.

თქვა თუ არა ინვესტორმა პროექტზე უარი, ამის შესახებ BM.GE ინფორმაციას პროექტის მხარდამჭერი "საპარტნიორო ფონდისგან" ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები