მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინში" ახალი სპეციალური მმართველი დაინიშნა

6102a6c6f1029
BM.GE
29.07.21 16:48
1176
კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” უკვე მესამედ, სპეციალური მმართველი დანიშნა. ამ დრომდე პოსტს თამარ ბოკუჩავა იკავებდა, რომელიც სპეციალური მმართველის თანამდებობაზე 15 აპრილს დანიშნეს. ბოკუჩავამ თავის მხრივ მარიამ სულაბერიძე ჩაანაცვალა, რომელიც ამავდროულად სახელმლწიფო კომპანია „ოუფენ ნეტის“ დირექტორია. ოუფენ ნეტი ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს ახორციელებს. სულაბერიძემ კომუნიკაციების კომისიას თავად მიმართა თხოვნით, გაეთავისუფლებინათ დაკავებული თანამდებობიდან.

კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელის კახა ბექაურის განმარტებით, თამარ ბოკუჩავა კომუნიკაციების კომისიაში HR-ის თანამდებობაზე ინაცვლებს. ბექაურის თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი იყო გამოცხადებული, რომელშიც თამარ ბოკუჩავამ გაიმარჯვა, ორივე პოსტზე დარჩენა კი ინტერესთა კონფლიქტს აჩენდა, რის გამოც ბოკუჩავამ თავად მოითხოვა გათავისუფლება. 

ამჯერად, კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველის თანამდებობა თამთა ტეფნაძემ დაიკავა. 

კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „კავკასუს ონლაინის“ ახალი სპეციალური მმართველი საერთაშორისო სამართლის იურისტია და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. თამთა ტეფნაძე 2014 წლიდან 2019 წლამდე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის პოზიციას იკავებდა. მისი 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს მოიცავს. ტეფნაძე იყო დირექტორის სამართლებრივი ასისტენტი, იურიდიულ ბიუროში "არიესი" და კომპანია "ონეი ინთერნეიშენალ ექსპორტში", იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა კომპანია "უჩგენ ჯორჯიაში", იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სამართლებრივი მრჩეველი, წამყვანი სპეციალისტის პოზიცია ეკავა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, ასევე ის ხელმძღვანელობდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, იყო კომპანია "ელექსირი საქართველოს" აღმასრულებელი მენეჯერი და დირექტორი. წლების განმავლობაში, თამთა ტეფნაძეს ტელეკომუნიკაციების მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.


მათივე ცნობით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანია კანონდარღვევით გასხვისებულ წილებს პირვანდელ მდგომარეობაში არ დააბრუნებს.


შეგახსენებთ - 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელ კომპანიასა და აზერბაიჯანულ ჰოლდინგ “ნექსოლს” შორის წილების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მოცულობა $61 მილიონ დოლარს შეადგენა და მის ფარგლებში ნექსოლი “კავკასუს ონლაინის” ჯერ 49%-იან, შემდგომ კი 51%-იან წილს იღებდა.

კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვს.

2019 წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის სამჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. ბოლო სხდომაზე კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

სანამ კომპანია სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამეტმა დაამტკიცა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ეს კანონი პრობლემურად მიაჩნია ვენეციის კომისიას, რომელმაც 2021 წლის 20 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით საქართველოს ამ ახალ კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა “ნექსოლმა” როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ასევე ქართულ სასამართლოშიც გაასაჩივრა. თუმცა, კავკასუს ონლაინთან დაკავშირებით ჩატარებულ ბოლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.