03.ოქტომბერი .2022 21:00

კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 19 000-მდე მევენახემ ჩააბარა

კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 19 000-მდე მევენახემ ჩააბარა
views 390
უკან

ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი, ანუ 222 ათასამდე ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.

3 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 19 000-მდე მევენახემ ჩააბარა, საიდანაც მათი შემოსავალი 216 მილიონ ლარს აღწევს.

გადამუშავებული ყურძნიდან 127 ათასამდე ტონა რქაწითელია, 82 ათასამდე ტონა საფერავი, 5,3 ათასამდე ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყველაზე დიდი რაოდენობით, 56,2 ათასი ტონა, ყურენი ყვარლის მუნიციპალიტეტშია გადამუშვებული.  ყვარლის შემდეგ ყურძნის გადამუშავების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: გურჯაანი - 56 ათასი ტონა; თელავი - 43 ათასი ტონა; სიღნაღი - 23,1 ათასი ტონა; საგარეჯო 12,5 ათასი ტონა; ლაგოდეხი - 11,8 ათასი ტონა; ახმეტა - 9,8 ათასი და დედოფლისწყარო - 7,7 ათასი ტონა.

დღეის მდგომარეობით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 250-მდე საწარმო იყო ჩართული. გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის - 0,35 ლარი.