აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ელჩ დეგნანს და მის გუნდს, - ამ განცხადებით დაიწყო სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დღევანდელი პრესკონფერენცია.
მისი თქმით, დეგნანი თავის გუნდთან ერთად მუშაობს საქართველოს მოსახლეობისთვის ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით და აგრძელებს მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან დასრულდეს.
„ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.
თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება.
დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება მალე, დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს მშვიდობიანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.", - განაცხადა ნედ პრაისმა.
მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს
„ეს წერილი სავსე იყო ტყუილებით“ - კელი დეგნანი ყაველაშვილის წერილზე