მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკები ჯანდავის მინისტრს, სავარაუდოდ, 25 იანვარს შეხვდებიან - "ევექსი ჰოსპიტლები"

60081597cc6d2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.21 15:45
1064
"ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის ინფორმაციით, კლინიკების და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა მომავალ კვირას, სავარაუდოდ, 25 იანვარს იგეგმება. ამის შესახებ მან „საქმის კურსში“ სტუმრობისას კლინიკებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ პრობლემის მოგვარებისთვის სამუშაო პროცესი უწყებასთან დაწყებულია.

საქმე იმაშია, რომ ათობის კლინიკა - „ევექსი ჰოსპიტლები“, „ნიუ ჰოსპიტალსი“, „მედალფა“ და „ჯეოჰოსპიტალსი“  და სხვები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს სპეციალური წერილით მიმართავს. როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, კლინიკების მენეჯმენტი ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს - მიზეზი კი სამედიცინო სექტორში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისია.

„ზეპირი კომუნიკაციები გვქონდა მინისტრის მოადგილესთან. წინა კვირას წერილობით მივმართეთ და რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ მოვახსენეთ. ჩემი ინფორმაციით, მომავალ კვირაში, რამდენადაც ვიცი, 25 იანვარს დაგეგმილია შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან. ვიმედოვნებ, ამ გამოწვევების დაძლევას ერთობლივი მუშაობით შევძლებთ“, - აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.

„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების მომსახურების თვითღირებულებაზე მიბმის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მინისტრთან შეხვედრისას ეს მთავარი თემა იქნება. 

„ყველა ის საკითხი, რომელიც ჩამოთვლილია წერილში, ერთიანდება ერთ პუნქტში და ეს არის მომსახურების თვითღირებულების გაძვირება, რაც პირველ რიგში, კურსის გაუფასურებიდან მომდინარეობს.

აქ მთავარი საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფებია; უნდა მოხდეს ტარიფების ცვლილებაც. დღეს ფასები ფიქსირებულია და არ არის მიბმული თვითღირებულებაზე. ერთჯერადი მოკლევადიანი დარტყმის ატანა სექტორს შეუძლია, მაგრამ როდესაც ხდება თვითღირებულების გრძელვადიანი გაძვირება, მაშინ უნდა არსებობდეს ფასთა ინდექსაციის მექანიზმი, რომლის მაგალითები სხვა ქვეყნებში ძალიან ბევრია და საქართველოში სხვა სექტორებშიც არსებობს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ მარტივად შეიძლება იქნას გადმოტანილი საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილშიც.

ფასთა ინდექსაცია ეს არის ცოტა უფრო გრძელვადიანი პრობლემის მოგვარება, ხოლო დღეს ისეთ ეტაპზე ვართ, ჯერ მყისიერად პირველი პრობლემის გადაჭრა გვაქვს მოსაფიქრებელი და შემდგომ უკვე სამუშაოა იმაზე, რომ შევიმუშაოთ ფასწარმოქმნის ღია და გამჭირვალე ფორმულა და სხვადასხვა პერიოდულობით ამ ფასის ინდექსაციის მექანიზმები“, - აცხადებს გიორგი მინდიაშვილი.

მისი შეფასებით, პრობლემა ცხადია, თუმცა ტარიფები ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები პრობლემაა და არსებული გამოწვევები, შესაძლოა, სხვა ფაქტორებიდან მომდინარეობდეს.

„როდესაც ვამბობთ, რომ ხარჯვა იზრდება, არ არის აუციელებელი რომ პრობლემა ტარიფში იყოს. შესაძლებელია პრობლემა იყოს ჰიპერდიაგნოსტიკაში, ჭარბი კლინიკების რაოდენობაში, რაც მინისტრმა თავად განაცხადა. შეიძლება სხვაგან იყოს პრობლემა და ჩვენ თუ სხვა პრობლემას მხოლოდ ტარიფების გზით მოვაგვარებთ, ამით საბოლოო ჯამში მივალთ იქამდე, რომ შეიძლება სისტემური პრობლემები შეიქმნას მთლიანი ჯანდაცვის სისტემაში. ამიტომ პრობლემა იმ ნაწილში უნდა მოგვარდეს, სადაც არის. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თუ შევადარებთ ქართული ჯანდაცვის სისტემის მომსახურების ფასებს განვითარებული ან განვითარებადი ჯანდაცვის სისტემებს ტარიფების ნაწილში, ყველაზე ნაკლები პრობლემა გვაქვს“, - აღნიშნა „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა.