04.მაისი .2022 16:10

კომიტეტმა მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

კომიტეტმა მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
views 524
უკან

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მედიისთვის საგადასახადო შეღავათის დაწესების საკითხს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა კომიტეტის სხდომაზე მთავრობამაც წარმოადგინა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობა, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება კონკრეტული სექტორებისთვის საგადასახადო შეღავათის შემოღებას, მეორე მხრივ კი, ბიუჯეტის შემოსავლის კლებას არ უჭერს მხარს.

კანონპროექტი საგადასახადო კოდექსში ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, მედიასაშუალებების მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლებას გულისხმობს. განმარტებითი ბარათის თანახმად, დაზოგილი თანხები შეიძლება მოხმარდეს დაგროვილი ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას, ახალი ტექნიკური აღჭურვილობის ან/და პროგრამების შესყიდვას, თანამშრომელთა ტრეინინგს და სხვა.

“კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათები, ცხადია, გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას, თუმცა, არცთუ დიდი ოდენობით. გადარჩენილი სიკეთე - ქართული მედიის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქართულ დემოკრატიას, საქართველოს მოსახლეობას ბევრად მეტი უღირს, ვიდრე ის საბიუჯეტო შემოსავლები, რომლებიც ესოდენ მძიმე ტვირთად აწევს მედიას”, - წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისა და დღგ-გან. მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-საგან მუდმივად გათავისუფლდება ბეჭდვითი და ელექტორონული მედია. განმარტებითი ბარათის თანახმადვე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბიუჯეტი შემოსავლების სახით დაახლოებით 25 მლნ ლარს დაკარგავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა