აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა საქართველოს-რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები რომლებიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებენ შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ დადგნენ.
მან, გამოსვლისას ასევე განმარტა, რომ ახლა არცერთი ქვეყნის მხრიდან რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.პუტინის შესაბამისი განკარგულების მიხედვით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმად, რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება. კერძოდ, მან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმა. დოკუმენტი დღევანდელი თარიღით არის გამოცემული და ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის თებერვალში გამოსცა. რაც შეეხება ფრენებს, პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისს მოსალოდნელი სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ გუშინ გააფრილა.