14.ნოემბერი .2019 21:50

კორძაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდნილა, მიღებისთვის საჭირო კვორუმი 2/3-ია და არა 3/4

views 13197
უკან

ადვოკატ ზვიად კორძაძის შეფასებით, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, ამის მიზეზი კი არის ის, რომ კონსტიტუციური კანონის მიღების ქვორუმი არის არა სამი მეოთხედის უმრავლესობა, არამედ ორი მესამედის უმრავლესობა. ამასთანავე, ზვიად კორძაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კონსტიტუციასთნ არ არის თავსებადი, რადგანაც მისი მიხედვით, კონსტიტუციურ კანონს ყოველ მოსმენაზე 3/4-ის უმრავლესობა ესაჭიროება. 

ზვიად კორძაძის სამართლებრივი შეფასება:

"1. დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100 (2/3) და არა 113 (3/4). კანონმა პირველ მოსმენაზე მიიღო 101 ხმა.

2. 113 არის ქვორუმი იმისთვის რომ ეგრევე გადაეცეს თუ არა პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

3.კონსტიტუციამ, კერძოდ 77-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლებმა გაყო, ერთი მხრივ, კონსტიტუციური კანონის მიღების ქვორუმი და მეორე მხრივ ამოქმედების ან მომდევნო პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაცემის ქვორუმი.

4. პრეზიდენტს კონსტიტუციური კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა მესამე მოსმენის შემდეგ. შესაბამისას თუკი მესამე მოსმენისას კონსტიტუციური კანონი მიღებული იქნა 101 ხმით ის დასადასტურებლად გადაეცემა მომდევნო პარლამენტს, თუ 113-ით ხელმოსაწერად პრეზიდენტს. არსად წერია კონსტიტუციაში, რომ სამივე მოსმენას 3/4 სჭირდება.

5.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ სამივე მოსმენას ესაჭიროება 3/4 ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

6. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ მოსმენაზე მიღებული 101 ხმა 2/3- ზე (100-ზე) მეტია და მეორე მოსმენა უნდა ჩატარდეს.

მუხლი 77. კონსტიტუციის გადასინჯვის წესი
1. კონსტიტუცია გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით, რომლის პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.
2. კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
3. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.
4. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი.
5. კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში.
6. კონსტიტუციურ კანონს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე."- აღნიშნავს კორძაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა