24.იანვარი .2021 17:19

კვირის TOP –10 ეკონომიკური მოვლენა

კვირის TOP –10 ეკონომიკური მოვლენა
views 421
უკან

21 იანვარს 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელსაც საქართველო უკვე დიდი ხანია ელოდება. შედეგი ჩვენთვის მისაღები და ეროვნული მასშტაბით სასიხარულოა. საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

"სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.’’ (ვრცლად https://bit.ly/39Uuxt4 ). სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო, რომელმაც განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნასა და მეტ ჩართულობას.

რაც შეეხება მნიშვნელოვან ეკონომიკურ თემებს, გთავაზობთ გასული კვირის (18-23 იანვარი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება - რა იხსნება და რა რჩება დაკეტილი
2. ეკონომიკური შეზღუდვებით გამოწვეული კრიზისი ბიზნესში - ვინ რას ითხოვს მთავრობისგან
3. ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია
4. 2020 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტი 12,0%-ით, ხოლო იმპორტი 15,9%-ით შემცირდა
5. მთავრობის მიერ მოზიდული შიდა ვალი და ბიუჯეტის ნაშთი, რომელიც კომერციულ ბანკებში ვადიან დეპოზიტზე განათავსა
6. 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 115 000 განაცხადი დარეგისტრირდა
7. მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირება გაზარდა
8. ,,იმუშავე საქართველოდან" პროექტში მონაწილეობის მისაღებად 90 ქვეყნის 2 190 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა
9. მთავრობა სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია-აღჭურვაზე წელს 30 მლნ-ს დახარჯავს
10. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქმიანობის 2021 წლის გეგმა - რომელ უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური


1. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება - რა იხსნება და რა რჩება დაკეტილი

2021 წლის 1 თებერვლიდან შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, ასევე სამედიცინო პროტოკოლის დაცვით მოიხსნება რეგულარული ფრენების მიმართულებით არსებული შეზღუდვებიც. თუმცა პირველი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი მცირე მასშტაბისაა და ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გაჩერებული რჩება.

,,საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 1-ელი თებერვლიდან მუშაობას მხოლოდ სავაჭრო ცენტრები აღადგენენ, სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ გაიხსნება. დახურული რჩება რესტორნები, ზამთრის კურორტები და საქალაქთაშორისო გადაადგილება.’’ კვირას 24 იანვარს, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მოქალაქეებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია გამართეს, სახელწოდებით - "სოცაფეთქება".

ვრლად უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ: https://bit.ly/3odDfYr ; https://bit.ly/3998pfo  

2. ეკონომიკური შეზღუდვებით გამოწვეული კრიზისი ბიზნესში - ვინ რას ითხოვს მთავრობისგან

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკის ჩაკეტვამ მძიმე ეკონომიკური შედეგები მოიტანა, მნიშვნელოვნად დააზარალა ბიზნესი, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ტურიზმის სფერო. შალვა ალავერდაშვილის განცხადებით ტურიზმის სექტორის ზარალმა 2020 წელს 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა. ეკონომიკის გახსნის თემას გამოეხმაურა ,,საქართველოს ბიზნეს ასოციაცია’’, სადაც აცხადებენ რომ ბიზნესმა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით აუცილებლად უნდა გააგრძელოს მუშაობა და რაც მთავარია ,,ყველგვარი ჩაკეტვის, წერტილოვანი თუ სექტორული შეზღუდვების გარეშე.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qGEmBA ; https://bit.ly/367T4K8  


3. ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია
საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის პროცესის 4 სცენარი წარადგინა, სადაც სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინის შესყიდვას განიხილავს. ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ვაქცინაციის კამპანია 64-დან 158 მილიონ ლარამდე დაჯდება და მოსახლეობის 60%-ისთვის ვაქცინაციის ჩატარებას გულისხმობს.
დეტალურად ვაქცინაციის სტრატეგიაზე, სცენარებზე, ბიუჯეტსა და მიზნობრივ ჯგუფებზე იხილეთ: https://bit.ly/3qQZPHZ  

4. 2020 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტი 12,0%-ით, ხოლო იმპორტი 15,9%-ით შემცირდა

პანდემიის პირობები დაწესებულმა ეკონომიკური შეზღუდვები ერთის მხრივ ადგილობრივი წარმოება შეამცირა, რაც აისახა შემცირებულ ექსპორტზე, ასევე შემცირდა მოთხოვნა იმპორტზე. შედეგად 2020 წელს საქართველოს ექსპორტი 12,0%-ით შემცირდა და 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შედგინა, ხოლო იმპორტი 15,9%-ით შემცირდა და 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში შედიან: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო საიმპორტო სამეულში: თურქეთი (1 407.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (887.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ. აშშ დოლარი. საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა (მთელი ექსპორტის 21.8%), მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები (12.1%), ხოლო მესამე ადგილზე ფეროშენადნობები (7.4 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სამეული კი შემდეგია: მსუბუქი ავტომობილები (მთელი იმპორტის 9.5%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (6,7%) და ნავთობი და ნავთობპროდუქტები (6,2%).

ვრცლად საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შესახებ: https://bit.ly/3sURJ2X  

5. მთავრობის მიერ მოზიდული შიდა ვალი და ბიუჯეტის ნაშთი, რომელიც კომერციულ ბანკებში ვადიან დეპოზიტზე განათავსა

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტით განსაზღვრულზე 176 მილიონი ლარით მეტი შიდა ვალი აიღო, რაც 2.026 მილიარდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ბიუჯეტის ნაშთს, მან 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.95 მილიარდი ლარი მთავრობამ კომერციული ბანკების ვადიან დეპოზიტებში განათავსა, ასევე ვადიან დეპოზიტებზე განათავსეს სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული 594 მილიონი ლარი.   

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qNyO8t ; https://bit.ly/3c8fFds  

6. 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 115 000 განაცხადი დარეგისტრირდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით რეგისტრაცია 20 იანვარს ამოიწურა, კომპენსაციის გაცემა კი 28 იანვრიდან დაიწყება. ბოლო მონცემებით სულ 115 000 განაცხადი დარეგისტრირდა. აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წელს აღნიშნული კომპენსაცია 161 905-მა ადამიანმა მიიღო, რაც ნათლად მიუთითებს პანდემიის შედეგად შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ocxCK3  

7. მთავრობამ ხორბლის ფქვილის სუბსიდირება გაზარდა

მოგეხსენებათ, მთავრობამ 2020 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში პურის ფქვილის ფასის სუბსიდირება დაიწყო. პირველ ჯერზე, ერთი 50 კგ.-იანი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განსაზღვრა, თუმცა ერთი ტომარა ფქვილის ფასი 67 ლარამდე მაინც გაიზარდა. ახლა კი სუბსიდირების მოცულობა ერთ ტომარაზე (50 კგ.) 10 ლარის ნაცვლად, 15 ლარი იქნება, ხოლო საწარმოებს ტომარა ფქვილის 53 ლარზე ძვირად გაყიდვა აეკრძალათ, ჯარიმა 50 ათასი ლარით განისაზღვრება.

სუბსიდირების პროგრამიდან გვახსოვს მთავრობის მიერ გასული წლის გაზაფხულზე დამტკიცებული სუბსიდირების 10 მილიონ ლარიანი ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც პირველადი მოხმარების 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების შენარჩუნების მიზნით მოხდა სუბსიდირება. ხოლო სუბსიდირების მიუხედავად, აღნიშნულ პროდუქტებზე მაინც მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/365G73o  

8. ,,იმუშავე საქართველოდან" პროექტში მონაწილეობის მისაღებად 90 ქვეყნის 2 190 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით პროექტში ,,იმუშავე საქართველოდან" 2 190 უცხო ქვეყნის მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც პროგრამაში მონაწილეობის უფლება 1 500-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიეცა, ხოლო საქართველოში სამუშაოდ 742 ადამიანი ჩამოვიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sSQEbW  

9. მთავრობა სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია-აღჭურვაზე წელს 30 მლნ-ს დახარჯავს

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით მთავრობა კლინიკების რეაბილიტაციაზე 30 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ის წელსაც ნაქირავებ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, იჯარის მომსახურებაზე კი 408 ათასი ლარი არის გამოყოფილი.  

ვრცლად პროგრამის ბიუჯეტის შესახებ: https://bit.ly/2LWgkUo  

10. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქმიანობის 2021 წლის გეგმა - რომელ უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2021 წელს 22 შესაბამისობის აუდიტს, 11 ფინანსურ და 15 ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს. სამსახური შეისწავლის: პროექტს - „დანერგე მომავალი“; ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებსა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს. აუდიტის სამსახური კარანტინის ზონებზე დახარჯულ 100 მილიონი ლარის ეფექტიანობასაც შეისწავლის.

ვრცლად უწყებები და პროგრამები, რომელთა აუდიტი 2021 წელს ჩატარდება: https://bit.ly/3odRWuK ; https://bit.ly/2KHyEjA

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა