მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (04.06 – 11.06)

60c5decc28741
ეგნატე შამუგია
14.06.21 08:00
898
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.164 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.154-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.30%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 3.30%-ით იყო გამყარებული. შესაბამისად, გასულ კვირას გაცვლითი კურსის გაუფასურებით, მანამდე არსებული ზედიზედ ხუთკვირიანი მკვეთრი გამყარების ტენდენცია შეიცვალა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.93%-ითაა გამყარებული, რაც მაისში თვეში 5.45%-ს აღწევდა და ივნისში კი - 2.50%-ს. ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის გარდა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, ბრიტანული სტერლინგიც გაუფასურდა. გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.28%-ითაა გაუფასურებული. ამავე პერიოდში, იაპონური იენის გაცვლითი კურის 0.01%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება სხვა შერჩეულ ვალუტებს, დანარჩენი გამყარებულია. ივნისის მეორე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, ყველაზე მეტით თურქული ლირა გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარებამ 2.71% შეადგინა, რაც წინა კვირასაც, 3.39%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე თურქეთის ეროვნული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი 13.34%-ითაა გაუფასურებული. ლირის შემდეგ, წლის დასაწყისიდან დღემდე, მაღალი გაუფასურებით იაპონური იენი გამოირჩევა. მიმდინარე წლის პირველი იანვართან შედარებით იენის ნომინალური გაცვლითი კურსი 6.13%-ითაა გაუფასურებული.
 
თურქული ლირის შემდეგ, ყველაზე მეტით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტა გამყარდა. გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.87%-ითაა გამყარებული. რუბლი წინა ორი კვირის მანძილზეც გამყარებული იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, დოლართან მიმართებით, რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი 2.43%-ითაა გამყარებული, რაც გასულ თვეს 2.10% იყო, ხოლო მიმდინარე თვის დასაწყისიდან დღემდე კი - 1.85%-ია. ზედიზედ მეორე კვირაა მყარდება სომხური დრამიც. თუკი წინა კვირას 0.13%-ით იყო გამყარებული, ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ეს მაჩვენებელი 0.29%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, სომხური დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.66%-ითაა გამყარებული. ამ პერიოდში, საქართველოს კიდევ ერთი სავაჭრო პარტნიორის - უკრაინის ეროვნული ვალუტა 4.46%-ითაა გამყარებული, რაც გასულ თვეს 1.23%-ს აღწევდა. რაც შეეხება გასულ კვირას, ივნისის მეორე სავაჭრო კვირას უკრაინული გრივნა 0.61%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 0.97%-ით იყო გამყარებული.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 04.06 – 11.06 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ იანვარ - მარტში სულ ოთხი ინტერვენცია განახორციელა, რითაც ბაზარზე 160.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რაც შედარებით თავშეკავებული პოლიტიკა იყო. ეს კი აპრილში შეიცვალა, რადგან 15-დღიან ინტერვალში ზედიზედ ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. კერძოდ, აპრილის დასაწყისში ბაზარზე გასაყიდად 40.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 27.5 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა და მეორე კი - აპრილის მეორე კვირის ხუთშაბათს, კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 25.4 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. სებ-მა ბოლო ინტერვენცია აპრილის მეორე კვირას, 30.0 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განახორციელა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე, ექვსი ინტერვენციით 242.9 მლნ აშშ დოლარია გაყიდული, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 07.06 - 11.06-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

როგორც აღვნიშნეთ, გასულ კვირას ლირა ყველაზე მეტით გამყარდა, რომელიც 2.71%-იანი გამყარების ფონზე მაღალი მერყეობითაც გამოირჩეოდა. ივნისის მეორე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.11%-ით იხრებოდა. ეს კი, წინა კვირასთან შედარებით, ლირის შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან ივნისის პირველ სავაჭრო კვირას ლირის მერყეობა 1.87%-ს აღწევდა. ამ პერიოდში, ყველაზე მაღალი მერყეობით ლარი გამოირჩეოდა, რადგან ყოველდღიური კურსი საშუალოდ 1.98%-ით იხრებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ლარი 3.30%-ით გამყარდა, განსხვავებით გასული კვირისა. ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობამ 0.35% შეადგინა, რაც გასული კვირის სხვა ვალუტებთან შედარებით საშუალოდ დონის მერყეობაა. ამავე პერიოდში, რუსული რუბლის მერყეობა 0.49%-ს აღწევს, ხოლო კვირის მანძილზე კურსის გამყარება - 0.87%-ს. ყველაზე დაბალი მერყეობით კი, ევრო (0.07%) და ჩინური იუანი (0.08%) გამოირჩეოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 04.06/11.06 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილების ტენდენცია არამხოლოდ დოლართან არამედ, სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებითაც შეიცვალა. თუკი წინა კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ყველა ვალუტასთან მიმართებით მასშტაბურად გამყარებული იყო, გასულ კვირას ლარის კურსი ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურებულია. ლარის საშუალო შეწონილი კურის დოლართან მიმართებით 2.96%-ით გაუფასურდა. ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან მიმართებითაა გაუფასურებული. წინა კვირას კი, ლარის კურსი, თურქეთის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, ყველაზე მეტით, 7.35%-ით იყო გამყარებული. თავის მხრივ, გასულ კვირას ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით გამყარდა. ამავე პერიოდში, მაღალი ნიშნულით რუსული რუბლიცაა გამყარებული, რომელთანაც ლარის საშუალო შეწონილი კურსი 5.31%-ით გაუფასურდა. ივნისის მეორე სავაჭრო კვირას, ლარი ყველაზე ნაკლებით კი აზერბაიჯანულ მანათთან გაუფასურდა. გასულ კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მანათთან მიმართებით 2.66%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, განსხვავებით წინა პერიოდისა, ლარის ნომინალური ეფექტური კურსი გაუფასურდა. კერძოდ, ივნისის მეორე სავაჭრო კვირას ეფექტური კურსი 3.96%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირას 6.82%-ით იყო გამყარებული.

გასულ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 116.7-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.59%-ს შეადგენდა. ეს კი, ეფექტური ნომინალური კურსის გაუფასურების ფონზე, წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას მიუთითებს, რადგან ივნისის პირველ სავაჭრო კვირას მერყეობა 2.71%-ს შეადგენდა. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 1.39%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 2.49% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას, წინა პერიოდთან შედარებით, ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურება, ამ პერიოდში ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება, ხოლო იმპორტზე კი, პირიქით.