მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (05.02 – 12.02)

6028e0b60cc5f
ეგნატე შამუგია
15.02.21 08:00
1108
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.292 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.316-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.71%-იანი გამყარებაა. თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით, შერჩეული ვალუტებიდან სომხური დრამის გარდა, ყველა გამყარდა. ამ ფონზე კი, ლარის კურსი გამყარების ნიშნული ყველაზე მაღალი იყო. ლარის ასეთი გამყარება ბოლო პერიოდში იშვიათია. წინა კვირას, ლარის ნომინალური კურსი 0.52%-ით იყო გაუფასურებული. თუმცა, თებერვლის პირველ სავაჭრო კვირას გარდა ლარისა, დოლართან მიმართებით შერჩეული ვალუტებიდან უმეტესობა გაუფასურებული იყო.

გასულ კვირას, საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან, დოლართან მიმართებით მხოლოდ დრამი გაუფასურდა. სომხეთის ეროვნული ვალუტა მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამყარების ტენდენციის შემდეგ, ზედიზედ მეორე კვირაა უფასურდება. კერძოდ, თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას სომხური დრამი 0.39%-ით გაუფასურდა, ხოლო წინა კვირას კი - 0.60%-ით. გამყარების კუთხით კი, ლარის შემდეგ, დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით ევრო, 0.65%-ით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ევრო ერთ-ერთი ყველაზე მეტით გაუფასურებული ვალუტა იყო. თებერვლის მეორე კვირას საქართველოს ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - თურქეთის და უკრაინის ეროვნული ვალუტები 0.50% და 0.50%-ით გამყარდა. ლირის შემთხვევაში გამყარების ტენდენცია მესამე თვეა მკვეთრად გამოხატული და სტაბილურია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 05.02 – 12.02 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ გასული წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა. 2021 წელს სავალუტო ბაზარზე სებ-მა პირველი ინტერვენცია 06 იანვარს განახორციელა, როცა 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ზედიზედ ორი კვირა ინტერვენციებისგან თავი შეიკავა, რაც იანვრის ბოლოს ბაზარზე მორიგი 40.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დაარღვია. ბოლო ორი კვირა სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სებ-ის მიერ ბაზარზე ინტერვენცია [გაყიდვა] 26-ჯერ იყო, ჯამში 873.2 მლნ აშშ დოლარის მოცულობით განხორციელდა, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა არ ყოფილა, განსხვავებით 2019 წლისა. ამ წელს ცენტრალურმა ბანკმა 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 08.02 - 12.02-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

განსხვავებით წინა ორი კვირისა, გასულ კვირას ლარის მერყეობის ტენდენცია შეიცვალა. იანვრის ბოლო და თებერვლის დასაწყისში თუკი ლარის გაცვლითი კურსი მერყეობის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას, პირიქით, ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.44%-ით იხრებოდა, რაც შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მაღალი ნიშნულია. მთლიანობაში, წინა პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ყველა ვალუტის გაცვლითი კურსი უფრო მერყევი იყო. მაგრამ, შედარებით სტაბილური ჩინურ იუანი, იაპონური იენი და ბრიტანული სტერლინგი იყო. კერძოდ, საშუალოსთან მიმართებით იუანის გადახრამ 0.16% შეადგინა, რაც იენის და სტერლინგის შემთხვევაში 0.26%-ს აღწევდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 05.02/12.02 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით 0.71%-იანი გამყარების ფონზე ლარი შერჩეული ვალუტებიდან, ევროს გარდა, ყველასთან მიმართ გამყარდა. ლარის გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით სომხურ დრამთან მიმართებითაა გამყარებული. თავის მხრივ, შერჩეული ვალუტებიდან დრამი ერთადერთია, რომელიც დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ლართან მიმართებით გაუფასურება 1.55%-ია. გარდა დრამისა, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით გამყარდა გრივნა (1.29%), აზერბაიჯანული მანათი (0.98%) და ჩინური იუანთან (0.80%). აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებით ლარის შეწონილი კურსი კიდევ უფრო მეტით, 0.98%-ითაა გამყარებული. გაუფასურების მხრივ, კი გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ ევროსთან, 0.12%-ით გაუფასურდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელია. გასული კვირის, წინ სავაჭრო კვირებისგან განსხვავებით, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა. კერძოდ, ამ პერიოდში ეფექტური კურსის 0.48%-იანი გამყარება დაფიქსირდა. თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური ეფექტური კურსის გამყარება უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან გამყარებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის მეორე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 108.5-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.34%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.35%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებ სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 9.77%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 9.32% იყო. ამდენად, ნომინალური ეფექტური კურსი გამყარება ექსპორტზე კლების კუთხით იქონიებს გავლენას, ხოლო იმპორტის შემთხვევაში პირიქით.