15.მარტი .2021 08:00

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (05.03– 12.03)

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (05.03– 12.03)
views 390
უკან

გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.320 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.315-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.15%-იანი გაუფასურებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას დოლართან მიმართებით ლარის კურსი 0.15%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.82%-ითაა გაუფასურებული. მარტის მეორე სავაჭრო კვირას გარდა ლარისა, საგარეო ვაჭრობის კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან საქართველოს ზოგიერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტებიც გაუფასურდა. გასულ კვირას სომხური დრამი დოლართან მიმართებით 0.51%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა კი - 0.67%-ით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ზედიზედ მესამე სავაჭრო კვირაა ისტორიულად გამონაკლისი, თითქმის სამთვიანი სტაბილური და მკვეთრი გამყარების ტენდენცია რადიკალურად იცვლება. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოს თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის შეცვლის და ახალი პოლიტიკის დაანონსების შემდეგ, ამ დრომდე, დოლართან მიმართებით, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი მყარდებოდა და სამი კვირას წინ ავტორიტეტულმა გამოცემა Financial Times -მა თურქეთის ეროვნულ ვალუტას განვითარებადი მსოფლიოს ვალუტების ლიდერიც კი უწოდა.
 
მსგავსად ქართული ლარისა, გასულ კვირას დოლართან მიმართებით 0.15%-ით გაუფასურდა, 2020 წლის მიხედვით საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყნის, ჩინეთის ეროვნული ვალუტა, რომელიც მარტის პირველ კვირას 0.25%-ით იყო გაუფასურებული. რაც შეეხება იაპონის ეროვნულ ვალუტას, გასულ კვირას იენი 0.67%-ით გაუფასურდა. გამყარების მხრივ კი, ყველაზე მეტით, ისტორიულად საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტა გამყარდა. კერძოდ, მარტის მეორე სავაჭრო კვირას რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 1.37%-ით გამყარდა და წინა კვირის ტენდენცია ინარჩუნებს.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 05.03 – 12.03 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ ამ ეტაპზე სებ-ის მიერ ბაზარზე მხოლოდ სამი ინტერვენცია განხორციელდა. რიგით მესამე სავალუტო აუქციონი თებერვლის მესამე კვირის ხუთშაბათს გაიმართა, სადაც ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე მორგი 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო ინტერვენციის დღეს, გაცვლითი კურსი, წინა დღესთან შედარებით, 0.09%-ით გაუფასურდა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში სებ-ს მიერ ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე 120.0 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 08.03 - 12.03-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მარტის მეორე სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის დაბალი მერყეობით არამხოლოდ სხვა ვალუტებთან შედარებით, არამედ ბოლო პერიოდის ტენდენციისგანაც მკაფიოდ გამოირჩეოდა, რადგან კვირის განმავლობაში საშუალოსთან მიმართებით კურსის გადახრა მხოლოდ 0.08% იყო. წინა კვირას, ლარი ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით მსგავსი მერყეობით ხასიათდებოდა. შესაბამისად, გაუფასურების მიუხედავად ეს ფაქტი ლარის ზედიზედ ორკვირიან სტაბილურობას ადასტურებს. ლარის გამყარების ფონზე ეს ნიშნული დოლართან მიმართებით მკვეთრ სტაბილურობას ასახავს. გარდა ლარისა, გასულ კვირას შედარებით ნაკლები, 0.18%-იანი მერყეობით სომხური დრამიც გამოირჩეოდა. სხვა ვალუტები კი წინა კვირასთან შედარებით გაცილებით მერყევი იყო. განსაკუთრებით მაღალი, 1.47%-1.47% -იანი მერყეობით უკრაინული გრივნა და თურქული ლირა გამოირჩეოდა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მკვეთრი გაუფასურების ტენდენციის ფონზე, თურქეთის ეროვნული ვალუტის მეტად არასახარბიელო მდგომარეობას ასახავს.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 05.03/12.03 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

წინა კვირისგან განსხვავებით, მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურის შერჩეული ვალუტებიდან, უმეტესობასთან მიმართებით გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით რუსულ რუბლთან. წინა კვირას ლარის კურსის რუბლთან მიმართებით გამყარების შემდეგ, მარტის მეორე სავაჭრო კვირას 1.47%-ით გაუფასურდა. რუბლის შემდეგ კი, ყველაზე მეტით ეროვნული ვალუტა ბრიტანულ სტერლინგთან, 0.99%-ითაა გაუფასურებული. სომხურ დრამთან და უკრაინულ გრივნასთან მიმართებით კი - 0.22% და 0.18 -ებითაა გაუფასურებული. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ლარი მხოლოდ ორ ვალუტასთან მიმართებით იყო გაუფასურებული და ესენი სწორედ დრამი და გრივნა იყო. მარტის მეორე სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან მიმართებით, 0.88%-ით გამყარდა, რაც ამ უკანასკნელის, დოლართან მიმართებით, ბოლო სამკვირიანი გაუფასურების ფონზე ლართან მიმართებითაც გაუფასურების ტენდენციაა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი მარტის პირველ სავაჭრო კვირას, ლარის ნომინალური კურსის ყველა ვალუტასთან გაუფასურების შედეგად, ეფექტური გაცვლითი კურსი 0.83%-ით გამყარებული იყო, რაც დიდწილად ლირასთან მიმართებით მკვეთრ გამყარებას უკავშირდებოდა, მარტის მეორე კვირას ეფექტური ნომინალური კურსი უფრო 0.05% -ით გაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან გასული კვირის ბოლომდე ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურის 0.72%-ითაა გაუფასურებული. მათ შორის, თებერვალში ეფექტური კურსის გამყარება 0.73%-ს შეადგენდა.

მარტის მეორე სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.8-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.24%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.40%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით მეტ სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 12.49%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 12.96% იყო. ამდენად, მარტის მეორე კვირას ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება და იმპორტის მხრივ კი - პირიქით. კერძოდ, რუსეთის შემთხვევაში ექსპორტის ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო თურქეთის შემთხვევაში კი - იმპორტის.