22.ნოემბერი .2021 08:00

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (12.11 – 19.11)

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (12.11 – 19.11)
views 602
უკან

ზედიზედ მესამე კვირაა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსისთვის ბოლო სავაჭრო დღე პოზიტიურად სრულდება და წინა პერიოდთან შედარებით უფრო მეტით მყარდება. ნოემბრის მესამე კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.115 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.156-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.30%-იანი გამყარებაა, რაც წინა კვირას 0.47%-ით იყო გამყარებული. ზედიზედ მეორე კვირაა, რომ ლარი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტითაა გამყარებული. გასულ თვეს კი ლარის ნომინალური კურსი 0.20%-ით გაუფასურდა, მაგრამ წლიურ ჭრილში გამყარებულია. კერძოდ, პირველი იანვრიდან დღემდე, ლარი 5.41%-ითაა გამყარებული. მართალია, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წლის დასაწყისიდან გამყარებულია, მაგრამ ამით ძირითად სავაჭრო პარტნიორებში გამორჩეული არ არის, რადგან სომხური დრამი და უკრაინული გრივნა შედარებით მეტადაა გამყარებული.
 
გასულ კვირას გარდა ლარისა, დანარჩენი ვალუტებიდან მხოლოდ ბრიტანული სტერლინგი გამყარდა. გასულ კვირას სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.25%-ით გამყარდა, რაც ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას 1.0%-ით იყო გაუფასურებული. ამ პერიოდში, ზუსტად ამავე ნიშნულით გაუფასურდა ევროც, მაგრამ ბრიტანული ვალუტისგან განსხვავებით, გასულ კვირას ევრო 1.43%-ით გაუფასურდა. ევრო არა მხოლოდ ბოლო ორი კვირა, არამედ წლიურ ჭრილშიც გაუფასურებულია. კერძოდ, პირველია იანვრიდან დღემდე, დოლართან მიმართებით, ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი 8.27%-ითაა გაუფასურებული.

გასული კვირის შემდეგ წლიურ ჭრილში გაუფასურებით ანტირეკორდი თურქულმა ლირამ დაამყარა, რომელიც ბოლო წლები მკვეთრი გაუფასურებებით გამოირჩევა. წლის დასაწყისიდან დღემდე თურქული ლირა 51.72%-ითაა გაუფასურებული, რაც გასულ თვეს 8.45%-იანი გაუფასურება იყო. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორის ეროვნული ვალუტა, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, 12.89%-ით გაუფასურდა, რაც მიმდინარე წლის მარტში ნაჯი აგბალის ცენტრალური ბანკის მმართველი პოსტიდან გადაყენების შემდეგ, სავალუტო ბაზარზე განვითარებული მოვლენების და ლირის გაუფასურების ნიშნულზეც მაღალია. გასული კვირის მკვეთრი გაუფასურება კი ცენტრალური ბანკის მიერ არაორდინარული გადაწყვეტილება, მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის მორიგ ჯერზე შემსუბუქება იყო.

ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული სხვა ვალუტები გაუფასურდა. ლირისა და ევროს შემდეგ, ყველზე მეტით უკრაინული გრივნაა გაუფასურებული. გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, გრივნის 1.17%-ით გაუფასურდა. გრივნა წლის დასაწყისიდან დღემდე 6.23%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში ყველაზე მაღალი გამყარების ნიშნულით, 8.59%-ით სომხური დრამი გამოირჩევა. გასულ კვირას კი სომხური ვალუტა 0.34%-ით გაუფასურდა. შედარებით მეტით, 0.90%-იანი გაუფასურება იყო რუსული რუბლის შემთხვევაში, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდეც, მცირედით, 0.71%-ით გაუფასურებულია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 12.11 – 19.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენცია სულ 9-ჯერ განხორციელდა, სადაც ყველა ინტერვენცია ბაზარზე დოლარის გაყიდვა იყო. აღნიშნულს, სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარებაზე დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, ინტერვენციების ძირითადი ნაწილი წლის პირველ ნახევარს უკავშირდება. ეროვნული ბანკის მიერ ბაზარზე ინტერვენცია ოქტომბერში არ ყოფილა. ბოლო, რიგით მეათე სავალუტო აუქციონი 30 სექტემბერს, სხვა პერიოდებთან შედარებით დიდი მოცულობის, 60.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვით დასრულდა. როგორც აღვნიშნეთ, წლის მეორე ნახევარში სებ გაცილებით უფრო პასიური იყო, ვიდრე პირველი ნახევარი ან გასული წლის ბოლოს. ჯამში 9 ინტერვენციიდან 7 იანვარ-აპრილში განხორციელდა, სადაც სულ 242.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. საერთო ჯამში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე სულ 332.9 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 15.11 – 19.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ლარის ნომინალური კურსი პერიოდთან შედარებით მეტით გამყარდა, მაგრამ უფრო მეტი მერყეობა ახასიათებდა. ლარის ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.46%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 0.22% იყო, ხოლო ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას კი - 0.08%-იან ნიშნულზე. ეს კი გაცვლითი კურსის შედარებით ნაკლებ სტაბილურობას ასახავს, მაგრამ ლარზე უფრო მეტად არასტაბილური რუსული რუბლი იყო. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას, 0.90%-იანი გაუფასურების ფონზე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა 0.57% იყო. ამ პერიოდში, მერყეობის მხრივ ანტირეკორდიც თურქულ ლირას ეკუთვნის, რადგან ამ უკანასკნელის გაცვლითი კურსის მერყეობამ 4.76% შეადგინა, რაც მკვეთრი ყოველდღიური გაუფასურების შედეგია. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას შედებით დაბალი მერყეობით ჩინური იუანი (0.09%) და სომხური დრამი (0.12%) გამოირჩეოდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 12.11/19.11 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირა არამხოლოდ დოლართან მიმართებით, არამდე სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთან მიმართებითაც ლარისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობის ამსახველი იყო. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის შეწონილი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ათი ვალუტიდან ექვსთან მიმართებით, საშუალოდ 0.28%-ით იყო გაუფასურებული, რაც ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარდა. შეწონილი გაცვლითი კურსის გამყარების საშუალო ნიშნული 0.86% იყო. ლარის საშუალო შეწონილი კურსი გასულ კვირასაც ყველას ვალუტასთან მიმართებით გამყარებული. ამ პერიოდში, საშუალოდ ლარის კურსი 2.70%-ით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით თურქულ ლირასთან მიმართებით. ლარი არამხოლოდ გასულ კვირას, არამედ წინა კვირასაც ლირასთან მიმართებით ყველაზე მეტით იყო გამყარებული, მაგრამ ნოემბრის მესამე კვირის გამყარება რეკორდულია. გასულ კვირას, თურქული ლირა, ლართან მიმართებით, 11.94%-ით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის შეწონილი კურსი ლირასთან მიმართებით ყველაზე მეტით, 36.49%-ითა გამყარებული.

თურქული ლირის შემდეგ, ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი მაღალი ნიშნულით, უკრაინულ გრივნას, რუსულ რუბლთან და ევროსთანაა გამყარებული. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი უკრაინულ ვალუტასთან 2.92%-ით გამყარდა, ხოლო რუსულ რუბლთან კი 2.77%-ით. რუბლთან მიმართებით ლარი გასულ კვირასაც შედარებით მაღალი ნიშნულით, 1.29%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 3.43%-ითაა გამყარებული. ამავე პერიოდში ევროსთან მიმართებით ლარის გამყარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, 12.59%-ია, რაც გასულ კვირას 2.43%-ია. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარი ყველაზე ნაკლებით აზერბაიჯანულ მანათთან (1.00%) და იაპონურ იენთან (1.13%) მიმართებით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. გასულ კვირას, შერჩეულ ვალუტებთან მიმართებით, ლარის ნომინალური კურსის მკვეთრი ცვლილება ეფექტურ კურსზეც მკვეთრად აისახა. თუკი, ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსი 1.16%-ით იყო გამყარებული, ეს მაჩვენებელი ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას თითქმის ორჯერ უფრო მეტი, 2.17%-იანი გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ წინა კვირასაც ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირასთან შედარებით ლარის ეფექტური ნომინალური კურსი ორჯერ მეტით იყო გამყარებული. გასულ კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 122.5-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.92%-ს შეადგენდა. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან ნოემბრის მეორე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსი მერყეობა 0.57% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის შემცირებაზე.

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 9.83%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 6.93% იყო. საბოლოოდ, გასულ კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის, როგორც წინა პერიოდთან, ასევე წლიურ ჭრილში გამყარების უფრო მაღალი ნიშნული, ამავე პერიოდის იმპორტზე ზრდის კუთხით იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან საქონელი და მომსახურების იმპორტიორი ქვეყნების ვალუტები გაუფასურებულია და მათთვის საქართველოდან იმპორტი უფრო ძვირია.