მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაუფასურების მაღალი ინფლაციური წნეხის შემთხვევაში, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას აანონსებს

5e71ed8fc412f
BM.GE
18.03.20 13:50
889
ბოლო 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 30.5 თეთრით გაუფასურდა, რაც დროის ასეთ მცირე მონაკვეთში 11%-იან ვარდნას წარმოადგენს. ევროსთან კი ანალოგიურ პერიოდში გაუფასურება 9.7%-ს შეადგენს. 

ლარის განსაკუთრებულად მკვეთრი გაუფასურება 12 მარტის შემდგომ, ანუ მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ვარდნის შემდგომ დაიწყო, რამაც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებზეც მოახდინა გავლენა. 

დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ინფლაციაზე მკვეთრი იქნება, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

დღესვე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ხვალ, სავალუტო ინტერვენციის სახით $40 მილიონი დოლარის გაყიდვას გეგმავს. 

"იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. კომიტეტის წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდებოდა. აღნიშნული შეფასება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ითვალისწინებდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია.

იკვეთება ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მაღალია და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, შესუსტებული საგარეო მოთხოვნა ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც ინფლაციაზე კლების მიმართულებით იმოქმედებს. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის დინამიკას ამ ორი ფაქტორის ურთიერთქმედება განსაზღვრავს. იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საგარეო და შიდა მოთხოვნის შემცირება იმდენად ძლიერი და გრძელვადიანი იქნება, რომ, კურსის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის, ეროვნული ბანკი მზად იქნება დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება. არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 3.17 ლარს შეადგენს.