მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლარის კურსის სამოქმედო გეგმის შემუშავება“ - რას გულისხმობს დავით სონღულაშვილი

605dab66d8955
თელარა გელანტია
26.03.21 19:50
1497
„ლარის კურსის საკითხი ბევრი მიმართულებით აფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და პლუს ეს დიდ პრობლემებს უქმნის ჩვენი მოქალაქეების და ბიზნესების საკმაოდ დიდ ნაწილს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ლარის კურსის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და კონკრეტული ნაბიჯების გაწერა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით. ეს საკითხი, ვფიქრობ, უაღრესად პრიორიტეტული და საჩქაროა“, - ეს განცხადება დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. დავით სონღულაშვილი ლარის კურსის სამოქმედო გეგმის შექმნის ინიციატივით 21 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ დაამტკიცეს.

Bm.ge დაინტერესდა, რა იგულისხმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და ჰქონდა თუ არა ამ თემაზე უკვე კონსულტაცია ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან. როგორც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გვიხსნის, მისი იდეაა, შეიქმნას პლატფორმა ეროვნული ბანკის, მთავრობის და პარლამენტის მონაწილეობით, რათა იყოს მეტად კოორდინირებული მოქმედება ფისკალურ და მონეტარულ უწყებებს შორის და ფულის მასის მართვის პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე.

დეპუტატის აზრით, ასეთი პლატფორმის არსებობა მეტ თავდაჯერებულობას მისცემს ინვესტორებსაც, რომ საქართველოში ჩადონ ფული, რაც დღეს პანდემიური კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის მნიშვნელოვანია.

„მთელ მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ყველაზე დიდი გამოწვევაა პანდემიით განპირობებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი შესაძლებლობა კი არის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. მთელი მსოფლიო, ფაქტობრივად, დაირაზმა და მიდის კონკურენცია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის... როგორ შეგვიძლია ჩვენ ამის გაკეთება? - ინვესტორებს უნდა მისცე თავდაჯერებულობის განცდა და უნდა დაარწმუნო, რომ შენი ქვეყანა არის უფრო კონკურენტუნარიანი და მისი ინვესტიცია უფრო მეტად მოგებიანი იქნება; თავისთავად ცხადია, ინვესტორის ინტერესი ეს არის.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს პლატფორმა, სადაც მოხდება მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის კოორდინირება და სადაც მთავრობა, ეროვნული ბანკი და პარლამენტი ერთიან, კოორდინირებულ მოქმედებაში შეძლებენ, რომ ფულის მართვის პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, რითიც ცხადია, ინვესტორს მეტი თავდაჯერებულობა ექნება, რომ ქვეყანაში ინვესტიცია განახორციელოს...წარდგენილი იქნება ფისკალური და მონეტარული ნაწილის, პირობითად 6-, 12-, 18-თვიანი ფულის მართვის კოორდინირებული გეგმა და როცა ინვესტორი უყურებს, რომ პროცესი ასეთი გამჭვირვალეა და პროგნოზირებადია, ის უფრო თავდაჯერებულად შეძლებს ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებას“, - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

Bm.ge-ის კითხვაზე - აქვს თუ არა მას ამ მხრივ რაიმე სახის კრიტიკული შენიშვნა მონეტარულ და ფისკალურ უწყებებთან, დეპუტატი ამბობს, რომ - არა, მაგრამ მიაჩნია, რომ შესაძლებელია, მეტად ეფექტიანი თანამშრომლობა. ამასთან, როგორც გავარკვიეთ, პარლამენტში გაჟღერებული ინიციატივის გარდა, ამ თემაზე დეპუტატს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მსჯელობა ჯერ არ ჰქონია. 

„ვფიქრობ, ზოგადად, არსებულ ვითარებაში, მსოფლიო გამოწვევა გახდა, რომ მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს შორის იყოს უფრო მეტი კოორდინაცია, რადგან ერთიანი, კოორდინირებული მოქმედებით შესაძლებელი იქნება კრიზისიდან უფრო სწრაფად გამოსვლა. ეს პლატფორმა აუცილებლად შესაქმნელია. ესაა ჩემი ხედვა და მგონია, რომ ამ პლატფორმის შექმნით უფრო მეტ თავდაჯერებას მივცემთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.