მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის მეტად გამყარების სენტიმენტები ბაზარზე აღარაა, ეს არის ფაქტი - ნადარაია

6470947b72bf5
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.23 09:20
8407
“თიბისის” მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ისაუბრა. ოთარ ნადარაიას განმარტებით, თუკი წარსულში სავალუტო ბაზარზე შეინიშნებოდა უცხოური ვალუტის დეპოზიტების გალარების ტენდენცია, ბოლო ორი კვირაა ეს მიმართულება შეიცვალა და ამჟამად ბაზარზე უფრო მეტად ლარის დეპოზიტების სავალუტო კონვერტირება ხდება.

ოთარ ნადარაიას განცხადებით, ამჟამად ლარის გაცვლითი კურსის კორექციის პროცესი მიმდინარეობს.

7-8 მაისის პერიოდში ერთი დოლარის ღირებულება 2.48 ლარს შეადგენდა, ხოლო ამჟამად დოლარის საბაზრო ღირებულება 2.58 ლარზეა.
“ამჟამად ლარმა დაიწყო კორექციის პროცესი.

თუ ისე გამყარდა ლარი, რომ ჩვენ ყველამ დავიწყოთ ფიქრი, რომ ეს იყო დროებითი, ესეც მნიშვნელოვანი რისკია. ანუ გამყარებისას ვფიქრობთ, რომ კიდევ გამყარდება, გაუფასურებისას კი პირიქით.

კიდევ ერთი რისკია, რომ ბოლო ორ თვეში შეიმჩნევა ვალუტის სესხების გაზრდა. ანუ თუ მყარი ლარის პირობებში მეტი აიღებს ვალუტის სესხებს და თუ შემდეგ გაუფასურდება ლარი, ეს არის მტკივნეული.

ლარი გამყარდა იმიტომ, რომ სავალუტო შემოდინებები არის გაზრდილი. ასევე კურსი გამყარდა იმიტომაც, რომ გაიზარდა დეპოზიტების ლარიზაცია და სესხების დოლარიზაცია. ანუ თუკი არის გამყარების მოლოდინი, ვალუტის დეპოზიტის ნაწილი გადადის ლარში, ხოლო სესხებს უფრო მეტად ვიღებთ ვალუტაში. ეს პროცესი კიდევ დამატებით ამყარებს ლარს.

ბოლო ორი კვირაა ტენდენცია შეიცვალა. თუკი დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენცია იყო მანამდე, ანუ ლარის დეპოზიტები თუ უფრო მეტად იზრდებოდა ვიდრე ვალუტის დეპოზიტები, ახლა ეს შეტრიალდა. რა არის ამის მამოძრავებელი? ეს არის რა თქმა უნდა სენტიმენტები. გამყარების მოლოდინები აღარ არის ბაზარზე, ეს არის ფაქტი,”- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

“თიბისის” მთავარმა ეკონომისტმა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თუკი არ იქნებოდა ინტერვენციები, ამ შემთხვევაში ლარი უფრო მეტად გამყარებული იქნებოდა.

“ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეს ინტერვენციები თუ არ იქნებოდა, კურსი უფრო მყარი გვექნებოდა? - დიახ ეს ტექნიკურად ნიშნავს ამას. გასაგებია, რომ საქართველოში აბსოლუტურ უმრავლესობას გვიხარია უფრო მყარი ლარი. ადრეც გვისაუბრია ამაზე, რომ გრძელვადიან ტრენდთან მიმართებით, ზედმეტად გამყარებულია ლარი,”- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

აპრილის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო მასშტაბის სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან $322 მილიონი დოლარი შეისყიდა. 2023 წლის 4 თვის განმავლობაში სავალუტო ინტერვენციების მოცულობა 782.9 მილიონი დოლარი იყო. ინტერვენციების შედეგად, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომამ 5.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.