პირველი პანდემიური წლის მსგავსად გასული წელიც თურქეთის ეროვნული ვალუტისთვის მძიმე აღმოჩნდა. ასეთი რამ ლირისთვის ბოლო რამდენიმე წლის დამახასიათებელი ტენდენციაა, თუმცა 2021 წელს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მასშტაბი და მერყეობის დონე გაცილებით დიდია, ვიდრე წინა პერიოდებში. განსხვავებით თურქული ვალუტისა, გასული წელი ლარისთვის მეტად პოზიტიური აღმოჩნდა. თუკი 2020 წელს ლარი გაუფასურდა, გასულ წელს მდგომარეობა რადიკალურად, გამყარებით შეიცვალა. ლარის გაცვლითი კურსის მდგომარეობა არამხოლოდ დოლართან, არამედ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ძირითად ვალუტებთან მიმართებითაც მკვეთრად გაუმჯობესდა. ამავე პერიოდში ლარზე შედარებით უკეთესი პოზიციები სომხურ დრამს გააჩნდა, რადგან 2020 წლის ბოლოს მკვეთრი გაუფასურება 2021 წლის მეორე ნახევრიდან მკვეთრი გამყარებით დაკომპენსირდა და დოლართან მიმართებით ნომინალური გაცვლითი კურსის ნიშნული პანდემიამდე, გრძელვადიანი პერიოდის სტაბილური მაჩვენებლის მიდამოებს დაუბრუნდა.
ფიგურა 1: ნომინალური გაცვლითი კურსის წლიური ცვლილება და მერყეობა, 31.12.2021/01.01.2021 (%)
წყარო: ბლუმბერგის პლატფორმა
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს გაუფასურების ტენდენცია ახასიათებდა, რაც მაისიდან მკვეთრი გამყარებით შეიცვალა. სწორედ აპრილის ბოლოდან დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ეკონომიკის აღდგენის პროცესი, სადაც გამოკვეთილი საგარეო ვაჭრობა იყო. კერძოდ, ექსპორტის ზრდის უფრო მაღალი ტემპი, ვიდრე იმპორტის. ამდენად, ამ პერიოდიდან ორივე - მიწოდების და მოთხოვნის მხრიდან გამყარებისკენ მოქმედი ფაქტორები სახეზე იყო. შესაბამისად, წლის დანარჩენ პერიოდში, დოლართან მიმართებით, ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს გამყარების ტრენდი გააჩნდა. აღნიშნული კი ლარის წლიურად 6.2%-იან გამყარებაში აისახა. ამავე პერიოდში ყოველდღიური კურსი საშუალოსთან მიმართებით საშუალოდ 3.9%-ით იხრებოდა, რაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე მის სტაბილურობასაც ასახავს. ფაქტია, რომ გასულ წელს ლარის გაცვლითი კურსი სტაბილურობით გამოირჩევა, მაგრამ სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე უკეთესი პოზიცია სომხურ დრამს უჭირავს. 2021 წელს შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 8.0%-ით დრამი გამყარდა, რომლის მერყეობა 3.7% იყო. ამდენად, სამეზობლოში სომხეთის ეროვნული ვალუტა გამორჩეულია, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ნომერ პირველ საიმპორტო ეკონომიკის - თურქეთის ეროვნულ ფულის ერთეულზე.
2021 წლის ბოლო, წლის დასაწყისთან შედარებით, თურქული ლირა, დოლართან მიმართებით, 78.8%-ით გაუფასურდა. მაღალი გაუფასურების ფონზე ლირა ყველაზე მაღალი მერყეობითაც გამოირჩეოდა, რადგან ამ პერიოდში ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 20.6%-ით იხრებოდა. თურქული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა პერიოდში იყო, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე ბოლო კვარტალში, როცა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა არაორდინალური პოლიტიკის გატარება დაიწყო. კერძოდ, მაღალი და მზარდი ინფლაციის ფონზე პოლიტიკის განაკვეთი მოკლე დროში 19.0%-დან 14.0%-მდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პირობებში ლირის დღიური გაუფასურება ორნიშნა მაჩვენებელსაც აღწევდა.
2021 წლის ბოლო, წლის დასაწყისთან შედარებით, თურქული ლირა, დოლართან მიმართებით, 78.8%-ით გაუფასურდა. მაღალი გაუფასურების ფონზე ლირა ყველაზე მაღალი მერყეობითაც გამოირჩეოდა, რადგან ამ პერიოდში ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 20.6%-ით იხრებოდა. თურქული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა პერიოდში იყო, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე ბოლო კვარტალში, როცა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა არაორდინალური პოლიტიკის გატარება დაიწყო. კერძოდ, მაღალი და მზარდი ინფლაციის ფონზე პოლიტიკის განაკვეთი მოკლე დროში 19.0%-დან 14.0%-მდე შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების პირობებში ლირის დღიური გაუფასურება ორნიშნა მაჩვენებელსაც აღწევდა.
ფიგურა 2: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის წლიური ცვლილება და მერყეობა, 31.12.2021/01.01.20021 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
პანდემიის მეორე წელს ლარის გაცვლითი კურსი არამხოლოდ დოლართან, არამედ სხვა შერჩეულ ვალუტებთან მიმართებითაც გამყარდა. გამონაკლისი მხოლოდ სომხური ვალუტაა, რადგან დრამთან მიმართებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი წლის მანძილზე 2.7%-ით გაუფასურდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დრამი შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მეტად იყო გამყარებული. სხვა დანარჩენთან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი გამყარებულია. განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქული ვალუტა. კერძოდ, წლის დასაწყისთან შედარებით ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ლირასთან მიმართებით 45.9%-ით გამყარდა, რომლის მერყეობა 17.3% -ს შეადგენდა. ეს უკანასკნელი კი თავად თურქეთის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებებით გამოწვეულ არასტაბილურობას უკავშირდება. დიდწილად თურქულ ვალუტასთან მკვეთრი გამყარების გამო გასულ წელს ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 17.7%-ით გამყარდა, რადგან ეფექტური კურსი ფორმირებაში ლირის წვლილი 17.5%-ია. თურქულ ლირაზე უფრო მაღალი წილი კი მხოლოდ ევროზონას, 18.1% გააჩნია. 2021 წელს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებით 12.9%-ით გამყარდა. აღნიშნული კი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რადგან გაცვლითი კურსი საგარეო ვაჭრობაზე აისახება. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებით გავლენა აქვს ექსპორტზე, ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე, რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით].
ამდენად, განსხვავებით პანდემიური პირველი წლისგან 2021 წელის ლარის ნომინალური გაცვლითი კურსისთვის დადებითი აღმოჩნდა, რადგან საგარეო ვაჭრობის მიხედვით შერჩეულ ვალუტებს შორის, სომხური დრამის შემდეგ, ყველაზე მეტადაა გამყარებული. ლარის გამყარებაზე გავლენა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ იქონია, ხოლო წლის ბოლოსკენ სტატისტიკურ მაჩვენებლებში უცხოური ვალუტის ნაკადების ზრდა მკაფიოდ გამოვლინდა. ეს კი მიწოდების მხრიდან გამყარებისკენ მოქმედი ფაქტორებია.