მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარმა პოზიციები დაიბრუნა, სტერლინგი გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (28.10 – 04.11)

6366e29c19ee4
ეგნატე შამუგია
07.11.22 08:00
6701
ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.735 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.775-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 1.44%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 43-ე სავაჭრო კვირას 0.82%-ით იყო გაუფასურებული. ამდენად, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი ოქტომბრის პირველი სამი კვირის ტენდენციას დაუბრუნდა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 11.43%-ითაა გამყარებული. აგვისტოში გაუფასურებამ 6.22% შეადგინა, ხოლო სექტემბერში ლარის კურსი 2.25%-ით იყო გამყარებული. ოქტომბერში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება 1.68 %-ს აღწევს.
 
ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას გარდა ლარისა, სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან კიდევ სამი გამყარდა. გასულ კვირას სომხური დრამის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 0.91%-ით არის გამყარებული, რაც წინა კვირას 0.71% იყო. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, დრამის გაცვლითი კურსის გამყარება 17.95%-ს შეადგენს, რაც შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მაღალი ნიშნულია. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას გამყარებულ ვალუტებს შორის არის ჩინური იუანი და იაპონური იენი. გასულ კვირას იუანის ნომინალური გაცვლითი კურსი 0.87%-ით გამყარდა, ხოლო იენის კი - 0.37%-ით.

გასული კვირის მანძილზე ყველაზე მეტით ბრიტანული სტერლინგი გაუფასურდა. ოქტომბრის ბოლო კვირისგან განსხვავებით, ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას სტერლინგი მკვეთრად, 3.40%-ით გაუფასურდა. აღნიშნული წინა კვირას 2.68%-იანი გამყარებით გამოირჩეოდა. ამდენად, წლის დასაწყისიდან დღემდე, ბრიტანული ფულის ერთეული, დოლართან მიმართებით, 20.02%-ით არის გაუფასურებული. ნოემბრის პირველ კვირას მაღალი, 1.30%-იანი გაუფასურებით თურქული ლირაც გამოირჩეოდა, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე, 41.77%-ით არის გაუფასურებული. რაც შეეხება ევროს, ამ პერიოდში ევროპული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 14.17%-ით გაუფასურდა, ხოლო გასულ კვირას გაუფასურების ნიშნულმა 0.71% შეადგინა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 28.10 – 04.11 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. სექტემბერში ასეთი 42.7 მლნ აშშ დოლარი იყო.

ფიგურა 2: 31.10 – 04.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას მაღალი მერყეობით ლარი გამოირჩეოდა. მეოთხე კვირას ასეთ პოზიციას ბრიტანული სტერლინგი იკავებდა, რასაც ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირასაც ინარჩუნებს. გასულ კვირა ბრიტანული სტერლინგის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.28%-ით იხრებოდა, რაც წინა კვირას 1.26% იყო. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას მაღალი მერყეობის ფონზე სტერლინგი გამყარდა, ხოლო გასულ კვირას გაუფასურდა.

ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ბრიტანული ვალუტა გამონაკლისი არ ყოფილა, რადგან ამ პერიოდში შედარებით მაღალი მერყეობა რუსულ რუბლს, ჩინურ იუანს და ევროს ახასიათებდა. გასულ კვირის მანძილზე რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.67%-ით იხრებოდა, რაც იუანი და ევროს შემთხვევაში 0.66% და 0.62%-ები იყო. ამ პერიოდში კიდევ ერთი მაღალი მერყეობით გამორჩეული ვალუტა ლარია, რადგან კვირის მანძილზე ლარის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.52%-ით იხრებოდა. ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა წინა კვირას 0.38% იყო. რაც შეეხება დაბალ მერყეობას, ამ მხრივ, თურქული ლირა და სომხური დრამი გამოირჩეოდა, რაც ორივეს შემთხვევაში საშუალოსთან მიმართებით ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი 0.08%-იანი გადახრაა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 28.10/04.11(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ოქტომბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი გარდა რუსული რუბლია, ყველა ვალუტასთან გამყარებული იყო. ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის გაცვლითი კურსი ყველა შერჩეულ ვალუტასთან გაუფასურდა. ამ პერიოდში ლარის ნომინალური კურსის საშუალო გაუფასურება 1.70% იყო. თუმცა, ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ლარი ყველა შერჩეულ ვალუტასთან გამყარებულია. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარი საშუალოდ 1.73%-ით გამყარდა. მათ შორის, ყველაზე მეტით ბრიტანულ სტერლინგთან. ლარი ამ უკანასკნელთან წინა კვირას ყველაზე მეტით იყო გაუფასურებული.

თუკი ოქტომბრის ბოლო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სტერლინგთან 4.60%-ით იყო გაუფასურებულები, ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირა ლარი ბრიტანულ ვალუტასთან 3.95%-ით არის გამყარებული. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი ბრიტანულ სტერლინგთან მიმართებით 26.25%-ით არის გამყარებული. სტერლინგის შემდეგ, ლარი 2.73%-იანი გამყარებით ევროსთან გამოირჩევა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 23.30%-ია. გასულ კვირას ლარი გამოკვეთილად რუსულ რუბლთანაც გამყარდა. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი რუბლთან მიმართებით 1.95%-ით არის გამყარებული, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 6.69%-ით არის გაუფასურებული. გასულ კვირას ლარი შედარებით ნაკლებით, 1.13%-ით ჩინურ იუანთან მიმართებით გამყარდა.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური კურსი შერჩეულ ვალუტებთან გამყარდა. შესაბამისად, გასულ კვირას აღნიშნული ინდექსი 1.70%-ით გამყარდა, რაც წინა კვირას 1.23%-ით იყო გაუფასურებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 24.05%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 35.95%-ია.

ოქტომბრის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 161.1-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.75%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით არასტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 43-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.67% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 35.16%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 33.71% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 44-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გამყარება, ამავე პერიოდის იმპორტის ზრდაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება იაფდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას ძვირდება.