"მთელი მსოფლიო მიმართულებას გასტრონომიული ტურიზმისკენ იღებს, რადგან ეს რჩება ერთადერთი კომპონენტი, რომლის გარეშეც ტურისტი ვერ გახდებით. შესაძლოა ციფრული წყაროებით დაათვალიეროთ ბევრი ქვეყანა, მაგრამ გემოს ვერ შეიგრძნობთ", - ამის შესახებ "გასტრონავტის" თანადამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა.
მისი თქმით, ქართული კერძები, იქნება ეს ხინკალი თუ ხაჭაპური, მსოფლიოში დაქსაქსულად ვრცელდება, ჩამოვა ცნობილი ბლოგერი, დაწერს სტატიას და ამით შემოიფარგლება ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.
"პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება კვლევა, ეს არის ყველაზე მთავარი ნაწილი, რომ სწორად დაიგეგმოს სტრატეგია, მოხდეს გასტრონომიის პოპულარიზაცია, რაც საბოლოოდ განაპირობებს ბიზნესმენების მოტრიალებას ამ მიმართულებით. ერთი მხრივ, ცხადია, საქართველოში არ გვიჭირს რესტორნებისა და კვების ობიექტების შეთავაზება სტუმრებისთვის, თუმცა ყველგან არის პრობლემა, რომელიც ტურისტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, განსაკუთრებით პრობლემატური კი, რეგიონებია", – განაცხადა მან.
"გასტრონავტის" თანადამფუძნებლის თქმით, ოქტომბერში, საქართველოში ფორუმი გაიმართება, სადაც გასტრონომიული სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო სტუმრები შეიკრიბებიან.