16.ივლისი .2020 10:47

ლევან ვეფხვაძე: როდესაც კომპანია საფონდო ბირჟაზეა ის გარიგებებს სემეკს ვერ შეუთანხმებს

ლევან ვეფხვაძე: როდესაც კომპანია საფონდო ბირჟაზეა ის გარიგებებს სემეკს ვერ შეუთანხმებს
views 473
უკან

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში სემეკის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გრძელდება. ეკონომიკის სამინისტროსა და სემეკის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანამხად, სემეკი შესაძლოა გახდეს უფლებამოსილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. ამასთან, კომპანიებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება წინასწარ შეუთანხმონ კომისიას ის გარიგება, რომლის შედეგადაც მათი აქციების 5%-ზე მეტის მესაკუთრე იცვლება.

სხდომაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ იმ კომპანიისთვის, რომელიც ბირჟაზე ივაჭრება ან ბირჟაზე გასვლას გეგმავს წინასწარ შეუძლებელია ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ იყიდის მის აქციებს, რის გამოც სემეკისთვის ინფორმაციის წინასწარ წარდგენის ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდება. ამ კითხვას უპასუხა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, რომელმაც თქვა, რომ კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება ის, რომ საფონდო ბირჟაზე მყოფ კომპანიას არა წინასწარ, არამედ გარიგების შემდეგ ექნება ვალდებულება წარადგინოს გარიგების შესახებ ინფორმაცა.

“თქვენ კანონპროექტში გიწერიათ - “წინასწარ აცნობოს კომისიას” - ამ სიტყვამ, ანუ “წინასწარმა” გარკვეულ პირობებში შეიძლება უხერხულობა შექმნას, რადგან თავად სისტემის ოპერატორი არ იყოს ინფორმირებული ამ ცვლილების შესახებ. მაგალითად, ბენეფიციარი მესაკუთრე, რომელიც პირობითად ბაბუის ბაბუაა ამ კომპანიისთვის, იქ რომ რაღაც ცვლილება მოხდეს ამისთვის ინფორმაცია შეიძლება არც იყოს ხელმისაწვდომი და წინასწარ ვერ გაცნობებს. ასევე, თუ არის დალისტული კომპანია და იცვლება და 5% გაიყიდა ბირჟაზე, ეს ასევე ამ სისტემის ოპერატორისთვის წინასწარ როგორ უნდა გახდეს ცნობილი, თუკი ხდება საფონდო ბირჟაზე მისი აქციების ყიდვა-გაყიდვა. ამას შეიძლება IPO-ზე გასვლა საერთოდ შეაფერხოს, კონკრეტული კომპანიებიც, რომელთაც სურვილი ჰქონდეთ,”- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩიხრაძემ ლევან ვეფხვაძის კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად თუ როგორი მფლობელობის ჯაჭვი აქვს კომპანიას, მას ეკისრება ვალდებულება 5%-იანი გარიგება წინასწარ შეუთანხმოს სემეკს.

“რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება სისტემის ოპერატორმა არ იცოდეს საბოლოო ბენეფიციარის გარიგების შესახებ, ეს უკვე სისტემის ოპერატორის პირდაპირი ვალდებულება გახდება [რომ იცოდეს]. ეს არის რეგულირებადი სექტორი და ძალიან კარგად იცის ყველა ინვესტორმა სად შემოდის და რა ვალდებულება აქვს. აქედან გამომდინარე, სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამ ვალდებულების შესრულება და საბოლოო ბენეფიციარს გააცნოს ეს. კანონში როდესაც შევა ცვლილება მათ ეკისრებათ ვალდებულება, რომ თავიანთ “ბაბუას” თუ იმის “ბაბუას” მიაწოდონ ინფორმაცია, რომ ჩვენთან შეიცვალა კანონმდებლობა და გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქციების გასხვისებისას წინასწარ იყოს თანხმობა აღებული. ეს ზუსტად ის თემაა, რომ ინვესტორი უნდა იყოს ფრთხილად, როდესაც რეგულირებად სექტორში შემოდის. რაც შეეხება ბირჟას და IPO-ს, ეტყობა ახლა აპირებენ. ბირჟასთან დაკავშირებით, მე რომ არ მოგატყუოთ ბირჟის პროფესიონალი არ ვარ, ზოგად ინფორმაციას გეტყვით და მერე ბატონ დავით ნარმანიას ვთხოვ რომ დაამატოს,”- განაცხადა ზაზა ჩიხრაძემ.

“ბირჟასთან დაკავშირებით დავამატებ, რომ ჩვენ ვიცნობთ ევროპის რეგულაციებს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მარტივი ფორმულირება გავაკეთოთ. ან კანონქვემდებარე აქტში გავწეროთ. როდესაც ბირჟაზე გადის და აღმოჩნდება რომ ერთმა პირმა იყიდა 5%-ზე მეტი, ამ ინფორმაციას წარმოუდგენს ინფორმაციას გაყიდვის შემდეგ. აქ ამ ნაწილში “წინასწარ” ვერ იქნება,”- ამბობს დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა სემეკის შესახებ კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს. კანონპროექტის განხილვა ორშაბათს დაიწყო და პარლამენტმა პირველი მოსმენით მას კენჭი 15 ივლისს უყარა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა