მაისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 6.5% შეადგინა, ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საქსტატის მიხედვით, ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფებიდან ყველაზე მაღალი ტემპით - 14.7%-ით ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე გაიზარდა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (47.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (24.6 პროცენტი), თევზეული (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი);
ჯანდაცვის სექტორში ფასების მატება 6.1% იყო, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფზე 3.2%, ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ქვეჯგუფში კი ფასების მატება 8.3% იყო.
ასევე ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებში ფასების შემცირებაც დაფიქსირდა, მათ შორისაა ტრანსპორტის სექტორიც, რაც საწვავის ფასების კლებას უკავშირდება.
ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა -0.57 პროცენტული პუნქტი. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9 პროცენტი).