მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე: იმ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, რომელიც შექმნილია, ალტერნატივა არ აქვს

5da33d0be9876
თელარა გელანტია
13.10.19 20:00
1234
„როგორც ჩემს ბოლო მიმართვაში აღვნიშნე და დღევანდელი დღე ამის დასტურია, 2022 წლისთვის არსებობს რეალური პერსპექტივა საინვესტიციო რეიტინგის მიღების“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომლითაც რეიტინგში დაწინაურებას ყველას ულოცავს.

მამუკა ბახტაძე წერს, რომ რეიტინგის ზრდა განაპირობა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა.

ამასთან, ყოფილი პრემიერი იმასაც აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სიღარიბე საქართველოში რჩება უმთავრეს გამოწვევად და ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური პოპულიზმისთვის.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იმ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, რომელიც შექმნილია - ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ის უზრუნველყოფს ქვეყნის წინაშე არსებული უმწვავესი ეკონომიკური პრობლემების სისტემურ გადაჭრას.

როგორც ჩემს ბოლო მიმართვაში აღვნიშნე და დღევანდელი დღე ამის დასტურია, 2022 წლისთვის არსებობს რეალური პერსპექტივა საინვესტიციო რეიტინგის მიღების. ეს ყველაფერი კი ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მეტ სამუშაო ადგილებს, შემცირებულ სიღარიბესა და ცხოვრების ევროპულ დონესთან მიახლოვების რეალური პროცესის დაწყებას“, - წერს ბახტაძე.

ცნობისთვის: Standard & Poor's-მა 2011 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. 11 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს რეიტინგი "BB მინუსიდან" “BB”-მდე გააუმჯობესდა, რაც ერთი საფეხურით წინსვლას ნიშნავს. განახლებული რეიტინგის პროგნოზი კი, "სტაბილურია".