მარეგულირებელმა ავიაკომპანია Myway Airlines-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) შეუჩერა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Avianews-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Myway Airlines-თვის სერტიფიკატის შეჩერების მიზეზი არაგეგმური აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები გახდა.
როგორც AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) უპასუხეს, ავიაკომპანიისთვის სერტიფიკატის შეჩერების საფუძველი სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ გამოვლენილი დარღვევები გახდა, რომლებიც ავიაკომპანიაში შექმნილი მართვის სისტემაში არსებული ხარვეზებიდან გამომდინარეობდა და უშუალო ზეგავლენას ახდენდა ფრენების უსაფრთხოებაზე.
„გაცნობებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ“-ში ჩატარებული კომპლექსური არაგეგმური აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების საფუძველზე, საქართველოს საჰაერო კოდექსის, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესების შესაბამისად, ავიაკომპანიას შეუჩერდა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC).
სერტიფიკატის შეჩერების საფუძველი გახდა სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ გამოვლენილი 3 პირველი დონის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ავიასაწარმოს პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, მიწოდებული მომსახურებ(ებ)ის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან სერტიფიკატით დადგენილ პირობებთან ისეთი შეუსაბამობა, რომელიც აქვეითებს უსაფრთხოების დონეს ან მას უქმნის სერიოზულ საფრთხეს) და 19 მეორე დონის (კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ავიასაწარმოს პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, ან სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებთან ისეთი შეუსაბამობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება დააქვეითოს უსაფრთხოების დონე ან სერიოზული საფრთხე შეუქმნას მას.) ნაკლოვანება, რომლებიც გამომდინარეობდნენ ხსენებულ ავიაკომპანიაში შექმნილი მართვის სისტემაში არსებული ხარვეზებიდან და უშუალო ზეგავლენას ახდენდნენ ფრენების უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ფრენის და მგზავრთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, „შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ“-ს შეუჩერდა სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება და აეკრძალა ფრენები.
სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია იმ დრომდე, ვიდრე ავიასაწარმოს მიერ არ გამოსწორდება სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევები. ნაკლოვანებების აღმოფხვრის შემოწმების და სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენის საკითხები წესრიგდება შესაბამისი კანონმდებლობით”, – განუცხადეს AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
თუმცა მანამდე, Myway Airlines-ს ეფექტური კონტროლის კუთხითაც ჰქონდა პრობლემები.
2021 წლის ბოლოს სააგენტომ Myway Airlines-ს საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა, რაც ავიაკომპანიის მხრიდან სასამართლოში გასაჩივრდა. ეს ქმედება კი ავტომატურად გახდა იმის საფუძველი, რომ Myway Airlines-ს საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვის მოწმობა დროებით აღუდგა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე.
“საქართველოს საჰაერო კოდექსის” მე-9 მუხლში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) სამართლებრივი აქტები საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო რაც შეეხება სარჩელს, მისი სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში ჩერდება სააგენტოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოქმედება, გარდა იმ სამართლებრივი აქტისა, რომელიც გამოცემულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების ან/და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის გამო, რამაც საფრთხე შეუქმნა ფრენის უსაფრთხოებას ან/და საავიაციო უშიშროებას ან რასაც შეეძლო ასეთი საფრთხის შექმნა.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ავიაკომპანია Myway Airlines-ის მიერ სარჩელის შეტანა უკვე ნიშნავდა იმას, რომ ავტომატურად შეჩერდა GCAA-ს შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოქმედება. ამის შემდეგ კი სასამართლო გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას და GCAA-ს სამართლებრივ აქტს ძალაში დატოვებს, ან ავიაკომპანიის სარჩელს დააკმაყოფილებს.
როგორც ცნობილია, GCAA-მ Myway Airlines-ის მხრიდან საქართველოს საჰაერო კოდექსის 58 მუხლის მე-2 ნაწილის და „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის 98 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დაიწყო მოკვლევა 2021 წლის 31 აგვისტოს დაიწყო და საბოლოოდ ავიაკომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გადაწყვეტილება გამოიტანა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ამასთან, ამგვარი ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე.
“საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააგენტო მიიჩნევს, რომ ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო ლტდ“-ს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა უნდა გაუქმდეს ქვემოთ მოხმობილ გარემოებათა გამო:
სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წლის 19 აგვისტოს განხორციელებული ტრანზაქციით, ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს მფლობელ იურიდიულ პირ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ში 89% წილის ჩინეთის მოქალაქე პარტნიორის საკუთრებაში გადასვლით დაირღვა საქართველოს საჰაერო კოდექსის 581 მუხლის მე-2 ნაწილის და „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N98 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.
ამასთან, სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს, ჩინეთის მოქალაქე პარტნიორის მიერ წილების გადაფორმება საქართველოს მოქალაქე პარტნიორზე იმგვარად, რომ ამ უკანასკნელის საკუთრებაში მოქცეულიყო კომპანიის წილის 51%, როგორც ამას საჰაერო კოდექსი და სააგენტოს დირექტორის N98 ბრძანება მოითხოვს, წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და შესაბამისად ბათილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „გარიგება იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოჩვენებითად, როცა გარიგების მხარეებს არ სურთ ამ გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს“ (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ას-571-879-09).
სააგენტო მიიჩნევს, რომ მოწილეებს შორის კომპანიის 40% წილის მოცემული სქემით გადაფორმება, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საბოლოო მყიდველს (რ. ბაკურაძეს) არ გააჩნდა საკმარისი თანხა წილის თავდაპირველი გადაფორმებისას, მოკლებულია ბიზნესისთვის დამახასიათებელ რაციონალობას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ კომპანიის 40% წილის ნასყიდობის ფასს, რომელიც 1 სექტემბრის გარიგების მიხედვით შეადგენდა 15,000.00 (თხუთმეტი ათასი) ლარს.
სააგენტოს დასკვნით, 2021 წლის 1 სექტემბრის გარიგება სრულად აკმაყოფილებს მოჩვენებითი გარიგების კრიტერიუმებს, ვინაიდან გარიგების მონაწილე ორივე პარტნიორი მოქმედებდა შეთანხმებულად და გააჩნდათ საერთო კანონსაწინააღმდეგო მიზანი- 2021 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული გარიგებით დამდგარი შედეგის „გამოსწორება“ მისი დაფარვის გზით და ამგვარად ავიაკომპანიის საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვის მოწმობის შენარჩუნება.
მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოარკვია, რომ ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს არსებობის ისტორიაში მსგავსი მოჩვენებითი გარიგების ფაქტს ადრეც ჰქონია ადგილი. კერძოდ, 2019 წლის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ავიაკომპანიის იმჟამინდელი ერთ-ერთი მოწილე სასამართლოსგან მოითხოვდა მეორე მოწილესთან წილის ნასყიდობის შესახებ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას.
სააგენტოს პოზიციას ამყარებს ის ფაქტიც, რომ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“ს მოქმედი წესდების 4.5 პუნქტის მიხედვით, კომპანიაში შვილობილი კომპანიის (მოცემულ შემთხვევაში ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“) მიმართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება კაპიტალში სულ მცირე 60%-ის მფლობელი პარტნიორების მიერ, რაც 51% წილის მფლობელ საქართველოს მოქალაქე პარტნიორს ართმევს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები შვილობილ ავიაკომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საჭიროებს რა ჩინეთის მოქალაქე პარტნიორის თანხმობას. აღნიშნული ეწინააღმდეგება სააგენტოს დირექტორის N98 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც „ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას“ (ეფექტური კონტროლის მოთხოვნა ძალაშია 2021 წლის 1 სექტემბრიდან).
ჩინეთის მოქალაქე პარტნიორი ჭ. ლიუ შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს შვილობილი ავიაკომპანიის მართვის პროცესში, ვინაიდან წესდების საფუძველზე სარგებლობს უფლებით პარტნიორთა კრებაზე გადამწყვეტი ხმა გააჩნდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საკუთარი მონაწილეობით ქმნის რა მოწილეთა 60%-იან შემადგენლობას, ხოლო ამგვარად გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს საწარმოს მართვაზე.
აღნიშნული დარღვევის შესახებ, შპს „ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო. ლტდ“-ს წარმომადგენლებს განემარტათ 2021 წლის 13 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე, თუმცა კომპანიის მოქმედ წესდებაში ამ დრომდე არ განხორციელებულა შესაბამისი ცვლილება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააგენტოსათვის ავიაკომპანია შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს დირექტორის მიერ მცდარი ინფორმაციის (რ. ბაკურაძის თვითიზოლაციისა და ფიზიკურად გამოუცხადებლობის შესახებ 2021 წლის 18 აგვისტოს გარიგების გაფორმებისას თბილისის იუსტიციის სახლში) წარმოდგენით ზეპირი მოსმენის სხდომაზე, ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა სააგენტოსთვის განზრახ მცდარი ინფორმაციის მიწოდებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ავიაკომპანიის მფლობელ იურიდიულ პირში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე კომპანიის წილის გასხვისების მიზეზები. სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეესაბამება სააგენტოს დირექტორის N98 ბრძანების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის მიხედვითაც „სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე იმ შემთხვევაში როცა „ავიაგადამზიდველი, მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სააგენტოში განზრახ წარადგენს მცდარ ინფორმაციას“. მხარის წარმომადგენლების მიერ წილების გასხვისებასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მოწოდება ამყარებს სააგენტოს პოზიციას”, – აღნიშნულია 30 ნოემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.