26.თებერვალი .2020 09:45

მარტიდან გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდება - “ეკო ჯორჯია”

views 1168
უკან

რამდენიმე დღეში, 10 მარტამდე, ქალაქ გორში, სუხიშვილის ქუჩაზე ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდება, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია “ეკო ჯორჯიას” წარმომადგენელმა გიორგი დავითაიამ განუცხადა.

დავითაიას თქმით, საწარმო საწყის ეტაპზე 50-მდე ადამიანის დასაქმებას შეძლებს და საწარმოს საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 3 მილიონი ლარია.

“ეს იქნება ერთადერთი საწარმო საქართველოში, რომელშიც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც დამზადდება”,- აცხადებს საწარმოს წარმომადგენელი.

გიორგი დავითაია ამბობს, რომ რადგან საწარმო ნედლეულსაც თვითონ დაამზადებს, კომპანიას წარმოება ბევრად უფრო იაფი დაუჯდება, რის გამოც პარკების ფასი დაბალი იქნება. “ჩვენი ტექნოლოგია დღეს ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფია. ჩვენთან თანამშრომლობის მსურველი უკვე ბევრია. ფაქტობრივად, ყველა მსხვილი კომპანია დაინტერესებულია. მაგალითად, ახლა “Spar”-თან მიმდინარეობს მოლაპარაკებები”, - ამბობს გიორგი დავითაია.

დავითაიას თქმით, წარმოების შემდეგ ეტაპზე “ეკო ჯორჯია” პირველი საწარმო იქნება, რომელიც ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი ჭურჭლის წარმოებას დაიწყებს, თუმცა ჯერჯერობით, დეტალებზე საუბარი ადრეა.

ცნობისთვის, “ეკო ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამის - “აწარმოე საქართველოში” მონაწილეა. კომპანიას ქალაქ გორში მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა