ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო მარტის პირველ ნახევარში დამატებით 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს და ეს დღეს გახდა ცნობილი. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად განსაზღვრული გვყავს კოვაქს პლატფორმა, საიდანაც განსაზღვრულია 300 ათასი დოზა ვაქცინის მიღება, დამატებით მოლაპარაკება გვაქვს მწარმოებელთან და მიღებულია დასტური, რომ 150 ათას დოზას მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. მოლაპარაკებები გრძელდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ვაქცინის შემოტანის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება იმ ვაქცინების პირველი მოცულობა, რომელიც უკვე გვაქვს გაფორმებული და ეტაპობრივად დაემატება სხვა რაოდენობები“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, გარდა "ასტრაზენეკას" ვაქცინისა, თებერვლის ბოლოს საქართველო კოვაქს პლატფორმის საშუალებით „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს.




























