მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტების დეფიციტის საშიშროება არ არის, ხოლო საბოტაჟის შემთხვევაში გეგმა გვაქვს - მინისტრი

63c5171c5bf90
მარიამ ვარადაშვილი
16.01.23 13:25
766
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტი ვერ შეიქმნება და ბიზნესის მხრიდან ამის მცდელობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება.

“დავადგინეთ ორი ფასი: ცალკე არის დადგენილი ორიგინალი მწარმოებლებისთვის, ცალკე დადგენილია გენერიკული მედიკამენტებისთვის. ანუ ამ ორი ფასის პირობებში ბიზნეს ინტერესი ოპერირების გაგრძელების ინტერესი აქვს, რადგან ზუსტად იგივე მწარმოებლები სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ოპერირებენ. აქედან გამომდინარე, წამლებზე დეფიციტის საშიშროება არ არის და თუ მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა იქნება, ამაზეც შესაბამისი გეგმა გვაქვს. არ ვგულისხმობ მთლიანად სექტორს. ანუ საბოტაჟი გულისხმობს კონკრეტული კომპანიების [შესაძლო] ქმედებას. ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა მზად ვართ და შესაბამისი რეაგირება გვექნება”,-აცხადებს მინისტრი.

აზარაშვილის თქმითვე, საბოტაჟის მცდელობას ადგილი თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის საწყის ეტაპზეც ჰქონდა, როცა ბიზნესი შესაბამისი ოდენობის მედიკამენტების იმპორტს არ ახორციელდებდა.

“ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტო კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს იმ ნაწილში, როცა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა მიზანმიმართულად არ მოხდეს ან ხელოვნურად შეიქმნას დეფიციტი. ან სხვა არაკეთილსინდისიერი ქმედება არ მოხდეს. პირდაპირ წერია კანონში რომ ამ ფაქტებზე რეაგირება შესაძლებელია და საკმაოდ მაღალ ჯარიმებსაც ითვალისწინებს. ცუდი გამოცდილება, რაც თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გვქონდა, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ავაწყვეთ [მექანიზმი] და ძალიან სამწუხარო იქნება თუ დაგვჭირდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ”,-აცხადებს აზარაშვილი.

მთავრობამ რეფერალური ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დააწესა. შედეგად ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობა ელის, რომ ახალი რეგულაცია მედიკამენტების ღირებულებას საშუალოდ 40%-ით შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები