მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეკარტოფილე-ფერმერებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს

5e024fc1d7274
BM.GE
24.12.19 22:20
1320
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით მეკარტოფილე-ფერმერებს და აგრარული დარგის სპეციალისტებს კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს. ღონისძიების მიზანი მეკარტოფილეობის დარგის პოპულარიზაცია და მეკარტოფილე-ფერმერების მხარდაჭერაა. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიერ პერუდან საქართველოში შემოტანილი კარტოფილის 30 ჯიშის დეგუსტაცია და ფილმის „შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი“ პრეზენტაცია, რომელიც CIP-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს მოიცავს.

კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოს კარტოფილის ელიტური ჯიშების და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ეხმარება, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და ფერმერების შემოსავლების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან თანამშრომლობს, მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის კვლევების ხუთწლიანი პროგრამა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა 10-მდე ახალი კარტოფილის კლონი, რომელიც საკარანტინო დაავადების მიმართ გამძლეა.
2017 წლიდან მეკარტოფილეობის დარგის განვითარების მიზნით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი სამწლიანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქართველი ფერმერების საარსებო წყაროს გაუმჯობესება და კარტოფილის თესლის ღირებულებათა ჯაჭვში ეროვნულ მოთამაშეთა შესაძლებლობების გაზრდაა. შემუშავდა კარტოფილის მეთესლეობის გაუმჯობესების ეროვნული გეგმა, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს მეკარტოფილების დარგის განვითარებას, რის შედეგადაც საქართველო დააკამყოფილებს ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის მოთხოვნას და გახდება კარტოფილის ექსპორტიორი მეზობელ ქვეყნებში.

სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 280-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 34 წარმომადგენელი და 90-მდე მეცნიერი, შეიქმნა სახელმძღვანელოები ფერმერების და მეცნიერებისთვის.