04.მარტი .2021 00:20

მეორადი მაღაზიების სექტორი ტანსაცმლის რეალიზებას ვეღარ ახერხებს

მეორადი მაღაზიების სექტორი ტანსაცმლის რეალიზებას ვეღარ ახერხებს
views 429
უკან

ტანსაცმლით სავსე საკიდები და ცარიელი მაღაზიები - დღეს ასეთი მდგომარეობაა მეორადი ტანსაცმლის თითქმის ყველა მაღაზიაში. ეს ის სექტორია, რომელსაც პანდემიამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა.

ინდუსტრიაში დასაქმებული პირები BMG-სთან ყვებიან, რომ ტანსაცმლის რეალიზაცია პრაქტიკულად მინიმუმამდეა დასული - მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები ლოქდაუნების დროს დახურული იყო და სექტორი ვერც ონლაინ გაყიდვებზე გადაერთო.

„უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. პანდემიამდე პროდუქციის 80% ტურისტებზე იყიდებოდა, ახლა ხალხი თუ შემოდის, ყველაზე დაბალფასიან ტანსაცმელზეც კი ფასდაკლებას ითხოვს. კიდევ ზამთრის კურორტების ჩაკეტვამ, პრაქტიკულად, მთელი სეზონის განმავლობაში გვაზარალა. მაღაზიებში სამთო-სათხილამურო ინვენტარი და ტანსაცმელი თითქმის ხელუხლებელი დარჩა. აღარ იყიდება არც ევროპული, მეორადი მოხმარების ფეხსაცმელი. ვეღარც ახალი პროდუქცია ჩამოგვაქვს - ამისთვის არც ფინანსური რესურსი არსებობს და არც თავისუფალი სივრცე მაღაზიების საწყობებში”, - ამბობს BMG-სთან მეორადი ტანსაცმლის მოვაჭრე, მაგული გობეჯიშვილი.

საქართველოში მეორადი ტანსაცმლის ტოპ იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა თურქეთი, აშშ, გერმანია, ბელგია და გაერთიანებული სამეფო. ჯერ კიდევ გასული წლის იანვარ-მარტში მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან საქართველოში სულ 1 655.2 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.4%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება 2021 წლის სტატისტიკას, ჯერ პირველი კვარტლის მონაცემები არ არსებობს, თუმცა სექტორში დასაქმებულების თქმით, იმპორტი მკვეთრად შემცირებულია.