მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია მიწისქვეშა პარკინგების პროექტის პირობებს, სავარაუდოდ, შეცვლის

5d9dfff351ed1
სალომე მეცხვარიშვილი
10.10.19 10:50
1318
მერია მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის პროექტის პირობებს, სავარაუდოდ, შეცვლის, - ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა.

მიწისქვეშა პარკინგი უნდა აშენდეს ფილარმონიასთან, ვარკეთილში, სადგურის მოედანსა და გეგეშიძის ბაღთან. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მთავრობამ საინვესტიციო პროექტებზე ინტერესთა გამოხატვა არაერთხელ გამოაცხადა, ამ დრომდე არცერთ ლოკაციაზე პროექტი განხორციელებული არ არის. მხოლოდ ფილარმონიის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული გამოვლინდა, თუმცა 3 თვეში კომპანიამ პროექტის განხორციელებაზე უარი თქვა, მიზეზად კი პროექტის არარენტაბელობა დაასახელა. რაც შეეხება სხვა ლოკაციებს:

"დაინტერესება გამოთქმულა, რამდენიმე ბიზნესსუბიექტთან ვართ შენახვედრი, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბიზნესჯგუფებთან, თუმცა კონკრეტული ინტერესი შედგა მხოლოდ იმ კომპანიასთან, რომელმაც ინტერესი გამტქვა ფილარმონიის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაზე. ეს ლოტი კომპანიამ ჩვენ უკან დაგვიბრუნა, ახლაც აქტიურია და ველოდებით შემოთავაზებას", - აცხადებს ანდრია ბასილაია.

კითხვაზე, რატომ არ ინტერესდება ბიზნესი პროექტების განხორციელებით, ბასილაია პასუხობს:

"დიდი ალბათობით, ეს პროექტი არის რისკებთან დაკავშირებული, რადგან არის მიწისქვეშა მშენებლობა, მეორე მხრივ, ასეთი ბიზნესი არ არის საქართველოში, რომ "ბენჩმარკად" აიღოს სხვა კომპანიამ. ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რატომაც კერძო სექტორი არ ინტერესდება ამ პროექტებით.

ალბათ, ცოტა ხანს ვაცლით კერძო სექტორს, ვაცლით ამ სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებას და მერე დიდი ალბათობით დავუბრუნდებით ამ წინადადებას და რაღაც პირობები შევცვალოთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ კერძო სექტორისთვის", - აცხადებს ანდრია ბასილაია.