24.ივლისი .2020 09:00

მეტრო ვარკეთილის ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა - "როგორც ჩანს, ჭერის ჩამოვარდნამ შეაშინა კომპანიები"

views 456
უკან

თბილისის სატრანსორტო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი შარკოვის განცხადებით, მეტრო ვარკეთილის პროექტირებასთან დაკავშირებით ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, ამჟამად ტენდერი შედგა და ვარკეთილისა და ავლაბრის მეტროსადგურების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

„ვარკეთილს რაც შეეხება, მეტრო ვარკეთილთან დაკავშირებით ძალისახმევა არ დაგვიკლია, არაერთი ტენდერი გამოვაცხადეთ დიზაინზე, პროექტირებაზე, მაგრამ ჭერის ჩამოვარდნამ, როგორც ჩანს, შეაშინა ჩვენი პროექტანტები და რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა. საბედნიეროდ, ახლა შედგა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული იყო როგორც ვარკეთილის, ისე ავლაბრის მეტროებზე და ეს ტენდერი შედგა. დადებულია ხელშეკრულება ამ ორივე მეტროსადგურის პროექტირებაზე. ჯამში 100 დღეა გათვალისწინებული დეტალური პროექტისთვის და როგორც კი პროექტი იქნება, მშენებლობაზე გამოვაცხადებთ ტენდერს და იმედია მომავალ წელს აქტიური რეაბილიტაციის რეჟიმში ვიქნებით ამ ორ სადგურთან მიმართებაში“, - განაცხადა შარკოვმა.

მისივე თქმით, მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის დაფინანსების სავარაუდო წყაროს მოძიება მიმდინარეობდა და სავარაუდოდ ის EBRD-ის დაფინანსებით მოხდება.

შეგახსენებთ, 2018 წლის იანვარში მეტროსადგურ ვარკეთილის ახალგარემონტებული ჭერი ჩამოინგრა, დაშავდნენ მგზავრები. მოგვიანებით მერიამ განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პროექტი არ ვარგოდა, რამაც დაზიანება გამოიწვია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თავად მერიას კი ვარკეთილის მეტროსადგურის ახლიდან რეაბილიტაცია სურს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა